ლიახვზე არსებულ გადასასვლელზე ხვალიდან ტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება

თბილისი-ხაშურის მიმართულებით მდინარე ლიახვზე არსებულ სახიდე გადასასვლელზე ხვალიდან 10 დღის განმავლობაში გეგმიური სამუშაოების გამო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება.

აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 85 კმ-ზე მდინარე ლიახვზე არსებულ სახიდე გადასასვლელზე (თბილისი-ხაშურის მიმართულება) სამშენებლო კომპანია გეგმურ სამუშაოებს აწარმოებს, რის გამოც, მიმდინარე წლის 25 მაისის 09:00 საათიდან 5 ივნისის 09:00 საათამდე, აღნიშნულ სახიდე გადასასვლელზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

თბილისი-ხაშურის მიმართულებით მოძრავი ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება ხაშური-თბილისის მიმართულებით არსებულ სახიდე გადასასვლელზე და მოძრაობა ორმხრივ რეჟიმში განხორციელდება.

დეპარტამენტის ინფორმაციით, აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტთან 2013 წლის 15 აპრილს (#20/11-701494) შეთანხმებული ავტოტრანსპორტის ნაკადის დროებითი მოძრაობის ორგანიზაციის სქემის შესაბამისად განხორციელდება.