ესტონეთის ხელისუფლებამ საზღვაო ციხესიმაგრის „ბატარეინაიას“ აუქციონზე გამოტანის გადაწყვეტილება მიიღო. ციხესიმაგრე ევროპულ არქიტექტურულ ძეგლს განეკუთვნება.
ციხესიმაგრის ახალმა მფლობელმა მომდევნო 6 წლის განმავლობაში მისი რენოვაცია უნდა მოახდინოს.
როგორც ქვეყნის სახელმწიფო მართვის მინისტრმა იაკ ააბმა განაცხადა, მთელი კომპლექსის სრული განახლება ინვესტორს 70-80 მილიონი ევრო დაუჯდება. ქვეყნის ფინანსთა სამინისტრომ კი შეიმუშავა გაყიდვის პირობები, რომელშიც გათვალსიწინებულია საზოგადოებრივი ინტერესი და კომპლექსის დაცვის მექანიზმები.
ამ სამხედრო-საზღვაო ციხესიმაგრის მშენებლობა 1828 წელს რუსეთის მეფე ნიკოლოზ პირველის ბრძანებით ბალტიის საზღვრების დაცვის მიზნით დაიწყო და დასრულდა 1840 წელს. შენობის ცნობილი ფასადი ამ დრომდე კარგად არის შემონახული. მასზე დამონტაჟებულ საარტილერიო დანადგარებს კი არც ერთხელ არ მოუწიათ გასროლა, ხოლო ტექნოლოგიების განვითარების კვალდაკვალ ციხესიმაგრემ დაკარგა მისი ღირებულება, როგორც სამხედრო ნაგებობამ.
1967 წლიდან აქ სამხედრო ყაზარმები იყო განთავსებული, ხოლო 1919 წლიდან საპატიმრო დაწესებულებად გადაკეთდა. საგუშაგოებით გარშემორტყმული ციხესიმაგრე 2003 წლიდან ტურისტების თავშეყრისა და ადგილობრივი გამოფენების გასამართ ლოკაციად იქცა.
კოკა კვირკველია