ვენეციაში ტურისტების შესვლა შეიზღუდა. ქალაქის 2 ხიდზე სპეციალური ტურნიკეტები დაამონტაჟეს, რომლებიც ტურისტების ტერიტორიაზე შესვლას შეჩერებს, თუ მათი რიცხვი გარკვეულ ზღვარს გადააჭარბებს.
პოლიცია ტურისტების მოძრაობას თვალყურს ადევნებს, - წერს dailymail-ი.
აღსანიშნავია, რომ ვენეციის ხელისუფლებამ ზოგიერთ ღირშესანიშნაობაზე სტუმრების მაქსიმალური რაოდენობა უკვე განსაზღვრა. მაგალითად, სან-მარკოს ცენტრალურ მოედანზე დღეში მხოლოდ 65 ათასი ტურისტის შეშვება შეიძლება.
ასეთი შეზღუდვა აუცილებელი იყო, რამდენადაც ბოლო წლებში ტურისტების რაოდენობამ ადგილობრივი მოსახლეობის რაოდენობას მნიშვნელოვნად გადააჭარბა. ქალაქის ზოგიერთ ქუჩაზე ბევრი ხალხის გამო გადაადგილება ზოგჯერ პრაქტიკულად, შეუძლებელია.
ჯერ კიდევ გასულ წელს ვენეციაში ტურისტების წინააღმდეგ არაერთი გამოსვლა გაიმართა. მაშინ ქალაქში დიდი საკრუიზო გემების შემოსვლასთან დაკავშირებით პლებისციტიც კი ჩატარდა, სადაც 99%-მა ხმა მისცა ტურისტული გემების ქალაქის პორტში შემოსვლის აკრძალვას. პლებისციტის ავტორები აცხადებდნენ, რომ გემები, რომლების ვენეციის პორტის განლაგებიდან გამომდინარე ნავსადგურში შესასვლელად გადიან ვენეციის ცენტრთან ახლოს, ანგრევენ ქალაქს, ხოლო ათობით ათასი ტურისტი, რომელიც ჩამოდის ამ გემებიდან სანაპიროზე, ვენეციაში ცხოვრებას გაუსაძლისს ხდის.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ყოველწლიურად ვენეციის ცენტრში მდებარე ნავსადგურში შედის 600-ზე მეტი საკრუიზო გემი, რომელსაც ჩამოყავს ქალაქში დაახლოვებით 1,6 მლნ ტურისტი. მთლიანობაში ვენეციას ყოველწლიურად სტუმრობს 24 მლნ ტურისტი.