საქართველოსა და სომხეთს შორის "მეგობრობის ხიდი" აშენდება

საქართველოსა და სომხეთს შორის "მეგობრობის ხიდის“ პროექტირება-მშენებლობა იწყება.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მშენებელი კომპანია გამოვლენილია და ამ ეტაპზე, საზედამხედველო კომპანიის შერჩევის პროცედურები მიმდინარეობს.

ახალი ხიდი, მდ. დებედაზე, სადახლო-ბაგრატაშენის საკონტროლო-გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე აშენდება. „მეგობრობის ხიდის“ მშენებლობას, საქართველოსა და სომხეთის მთავრობების მხარდაჭერით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) აფინანსებს. ხიდის მშენებლობისთვის EBRD-მა საქართველოს 6 მილიონ ევრომდე გამოუყო.

სამუშაოს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი განახორციელებს. ერთობლივი ხიდის მშენებლობის პროექტი რეგიონში უნიკალურია, ხიდის ერთი ნაწილი საქართველოს ტერიტორიაზე იქნება, მეორე - სომხეთის. მხარეებმა დაფინანსებაც გაიყვეს - კრედიტის 50%-ს სომხეთი გადაიხდის, დანარჩენ 50%-ს კი საქართველო.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძე, სადახლო-ბაგრატაშენის ხიდის მშენებლობისა და ვადების საკითხზე, EBRD-ის პროექტის ახალ ხელმძღვანელს ანდრეი მაქსიმოვიჩს შეხვდა და პროექტის დეტალები განიხილა.

ახალი ხიდი სომხეთიდან საქართველოში და საქართველოდან სომხეთის მიმართულებით მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების შეუფერხებელ დაკავშირებას უზრუნველყოფს აღმოსავლეთ-დასავლეთისა და ჩრდილოეთ-სამხრეთის სატრანზიტო დერეფნებთან.