თბილისის სატრანსპორტო კომპანია მეტროს მემანქანეების მოთხოვნებს ეხმაურება

თბილისის სატრანსპორტო კომპანია მეტროს მემანქანეების მოთხოვნებს ეხმაურება და ამასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის „ერთობა 2013" წევრებმა მიმდინარე წლის 2 აპრილს თბილისის სატრანსპორტო კომპანიას წაუყენეს მოთხოვნა, მეტროს მემანქანეებისთვის სახელფასო განაკვეთის გაზრდასთან დაკავშირებით.

კერძოდ კავშირის წევრები ითხოვენ საათობრივი ტარიფის გაზრდას, რაც სახელფასო განაკვეთის 45%-ით ზრდას გულისხმობს.

თვალსაჩინოებისათვის წარმოგიდგენთ მეტროს მემანქანეების შემოსავლების ზრდის დინამიკას 2013-2017 წლების მიხედვით.

bpn

სატრანსპორტო კომპანიამ საწყის ეტაპზევე აქტიურად დაიწყო მემანქანეების მოთხოვნების განხილვა. შედგა რამდენიმე სამუშაო შეხვედრა მედიატორის მონაწილეობით.

მოლაპარაკებების პროცესში სატრანსპორტო კომპანიამ კიდევ ერთხელ დააფიქსირა საკუთარი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ კომპანია არ განიხილავს დასაქმებულთა ცალკეული ჯგუფისთვის ანაზღაურების გაზრდას, ვინაიდან ეს გამოიწვევს სამართლიან უკმაყოფილებას სხვა თანამშრომლებში.

თბილისის სატრანპორტო კომპანიაში დასაქმებულია 6300-მდე თანამშრომელი და მათი პირობების გაუმჯობესება ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს კომპანიისთვის. ბოლო წლებში გადაიდგა ქმედითი ნაბიჯები დასაქმებულთა სამუშაო გარემოს გაუმჯობესებისა და შრომის უსაფრთხოების სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანისთვის.

კონკრეტულად, მეტროს მემანქანეებისთვის კეთილმოეწყო სპეციალური მოსასვენებელი ოთახები. ასევე თითოეულ მემანქანეს შესაძლებლობა აქვს აიმაღლოს კვალიფიკაცია ტექნიკურ სკოლაში და მიიღოს უფრო მეტი ანაზღაურება (სწავლის პერიოდში მემანქანე იღებს ხელფასს), თანრიგის ცვლილების შესაბამისად.

კომპანიაში დაინერგა წელთა ნამსახურეობისა და ღამის სამუშაოების ტარიფების ზრდა, რაც დადებითად აისახა თანამშრომელების შემოსავლებზე.

სატრანსპორტო კომპანია მოუწოდებს მეტროს მემანქანეების კონკრეტულ ჯგუფს უფრო მეტად გაითავისონ ის პასუხისმგებლობა, რაც მათ გააჩნიათ საზოგადოების წინაშე.

თავის მხრივ, სატრანსპორტო კომპანია აკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ მემანქანეების გაფიცვამ არ გამოიწვიოს მეტროს გაჩერება და ქალაქის მუნიციპალური ტრანსპორტის შეფერხება.