„მოწევის აკრძალვასთან დაკავშირებით შესაძლოა, იმდენი გამოძახება იყოს, რომ მაგდენი საპატრულო ეკიპაჟი საერთოდ არ გვყავდეს“

შენობა-ნაგებობებში თამბაქოს მოწევის აკრძალვასთან დაკავშირებით, კანონის სრული იმპლემენტაცია პირველ ეტაპზე დიდ სირთულეებთან იქნება დაკავშირებული.

ამის შესახებ საპატრულო პოლიციის უფროსმა დავით კუპატაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, თავდაპირველად შესაძლოა იმდენი გამოძახება იყოს, მით უმეტეს პიკის საათებში, რომ მაგდენი ეკიპაჟი როგორც რეგიონის, ისე თბილისის მასშტაბით საერთოდ არ იყოს.

„ვფიქრობ, საზოგადოების დიდი ნაწილი ამ კანონის შესრულებისთვის მზად არის, მაგრამ ხალხმრავალი შეკრებების ადგილებში, პირველ ეტაპზე კანონის აღსრულებაზე ალბათ, გარკვეული სირთულეები იქნება. შესაძლოა, პირველ ეტაპზე, მით უმეტეს პიკის საათებში, იმდენი გამოძახება იყოს, რომ მაგდენი ეკიპაჟი საერთოდ არ გვყავდეს, როგორც რეგიონების, ისე თბილისის მასშტაბით. თუმცა, მაქსიმალურად ვეცდებით ამ კანონის აღსრულება სრულყოფილად მოხდეს,“-აღნიშნა კუპატაძემ.

შეგახსენებთ, დღეიდან თამბაქოს მოხმარებაზე, მის რეალიზებაზე სანქციები გამკაცრდა.