„ფასები კომფორტის ადეკვატურია“ - რატომ გაძვირდა შიდა ფრენები

საქართველოში შიდა ფრენები გაძვირდა. ბილეთების ფასმა უკვე 25-40%-ით მოიმატა.

კომპანია „აკ-ეარ ჯორჯია“, რომელსაც შიდა ფრენების განხორციელებაზე ექსკლუზიური უფლება აქვს, მიზეზად მოთხოვნის ზრდას ასახელებს. ამ დროს კი „ჯორჯიან ეარვეისმა“, რომელიც თბილისი-ბათუმის რეისს ახორციელებდა, მოთხოვნის შემცირების გამო ფრენები შეწყვიტა.

ქვეყნის მასშტაბით შიდა ფრენებზე ფასებმა სამ მიმართულებაზე მოიმატა, ერთი მიმართულება - ნატახტარი-ამბროლაური - ნატახტარი (ერთი გზა) უცვლელი - 50 ლარი დარჩა.

რაც შეეხება დანარჩენი რეისების ფასებს, „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ნატახტარი-მესტიის მიმართულებით ფრენები 25 ლარით გაძვირდა და 65-ის ნაცვლად 90 ლარი (ერთი გზა) ეღირება; ქუთაისიდან მესტიის მიმართულებით ფრენა 10 ლარით გაძვირდა და 40-ის ნაცვლად 50 ლარი (ერთი გზა) იქნება, ხოლო თბილისიდან ბათუმის მიმართულებით ფრენები 35 ლარით გაძვირდა და 90 ლარის ნაცვლად 125 ლარი (ერთი გზა) იქნება.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესედა მიზეზით, რის გამოც ფასების ცვლილება მოხდა. როგორც „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში“ განგვიმარტეს, ფასის მატება გაზრდილი მოთხოვნილებიდან გამომდინარე მოხდა. მათივე ინფორმაციით, ფრენების სიხშირეც გაიზრდება.

„ფასების ცვლილების აუცილებლობა ნაწილობრივ ფრენებზე არსებულმა მოთხოვნამ გამოიწვია, რასაც 25 ივნისის ჩათვლით დაგეგმილ რეისებზე წინასწარ გაყიდული ბილეთების რაოდენობაც მოწმობს. უნდა აღინიშნოს, რომ არ შეიცვლება იმ ბილეთების ფასი, რომლებიც მგზავრებს მომდევნო თვეებში დაგეგმილ ფრენებზე უკვე ნაყიდი აქვთ.

მგზავრთნაკადის და რაც მთავარია, ტურისტების რაოდენობის გათვალისწინებით არსებული მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება უკავშირდება ფრენების სიხშირის ზრდის საჭიროებას. აუცილებელია, განხორციელდეს მეტი ფრენა იმისათვის, რომ რაც შეიძლება მეტ მგზავრს მიეცეს მომსახურებით სარგებლობის შესაძლებლობა“, - განგვიცხადეს უწყებაში.

მათივე ინფორმაციით, სიხშირეების კუთხით ცვლილებების შესახებ ინფორმაციას განახლებისთანავე გამოაქვეყნებენ.

აქამდე შიდა ფრენებს რამდენიმე კომპანია ახორციელდება, თუმცა ტენდერის საშუალებით გამოვლინდა მხოლოდ ერთი კომპანია „აკ-ეარ ჯორჯია“ და ყველა მიმართულების რეისებს მხოლოდ ის შეასრულებს.

როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ კომპანიის დირექტორმა ლევან მაწიაშვილმა განუცხადა, შეცვლილი ფასები მომხმარებლისთვის ადეკვატური და ხელმისაწვდომია.

„მოთხოვნაა გაზრდილი. აეროპორტების გაერთიანებიდან ოფიციალურად მოგვივიდა შეტყობინება ფასების გაზრდასთან დაკავშირებით და შემდეგ უკვე გამოვაცხადეთ ფასების ზრდა. სეზონურად მეტ მოთხოვნას ველოდებით, ახლაც თითქმის ყველა ბილეთი იყიდება. რაც შეეხება ფასების ცვლილებას, მაგალითისთვის, ძალიან დიდი კომფორტია ის, რომ სვანეთში რვასაათიანი მგზავრობის ნაცვლად, ადამიანი დანიშნულების ადგილზე 90 ლარად ჩაფრინდება. მანძილი შორია. შესაბამისად, ავტომანქანით რამდენი საწვავიც დაეხარჯება ადამიანს, იმასთან შედარებით აღნიშნული ფასი აბსოლუტურად ადეკვატურია და ძვირი არ არის. იგივე ითქმის ქვეყნის შიგნით სხვა მიმართულებებზეც. აღნიშნული ფასები ხელმისაწვდომი იქნება“, - განაცხადა მაწიაშვილმა.

მაშინ, როდესაც „აკ-ეარ ჯორჯიას“ რეისებზე მოთხოვნა გაიზარდა, არარენტაბელურობის გამო კომპანია „ჯორჯიან ეარვეისმა“ თბილისი-ბათუმის მიმართულებით ფრენები შეწყვიტა. როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ კომპანიის გენერალურმა დირექტორმა გივი დავითაშვილმა განუცხადა, ფრენების შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღეს იმიტომ, რომ მოთხოვნა და დატვირთვა არ არის, შესაბამისად, სერვისი არარენტაბელურია.

„ჩვენი კომპანია შიდა ფრენებს აღარ განახორციელებს. გასულ წელს თბილისი-ბათუმის მიმართულებით ფრენები ჩვენი სურვილით გვქონდა, სახელმწიფო დაფინანსების გარეშე. „აეროპორტების გაერთიანების“ მიერ გამოცხადებულ ახალ ტენდერში მონაწილეობა არ მიგვიღია. მიზეზი, რის გამოც შიდა ფრენების სურვილი აღარ გვაქვს, არის ის, რომ აღნიშნული სერვისი არარენტაბელურია. მოთხოვნა და დატვირთვა არ არის ისეთი, რომ აღნიშნული ფრენები მომგებიანი იყოს. გარდა ამისა, ბათუმის მიმართულებით ფრენა სეზონურია. თებერვალი, მარტი, ოქტომბერი, ნოემბერი, დეკემბერში მოთხოვნა თითქმის არ არის. ამიტომაც აღნიშნული სერვისის გაგრძელება ამ ეტაპზე მიზანმიმართულად არ მიგვაჩნია“, - განაცხადა დავითაშვილმა.

თეონა კენჭიაშვილი