ირაკლი ღარიბაშვილი: გლეხს შრომა დაუფასდა, ყურძენს ფასი დაედო

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ყვარლის რაიონის სოფელ ენისელში ახლად გაშენებული ვენახი დაათვალიერა.

მთავრობის მეთაურს სოფლის მეურნეობის მინისტრმა შალვა ფიფიამ და ვენახის მეპატრონემ დავით ზუბიტაშვილმა მიაწოდეს ინფორმაცია, რომ რქაწითელი, საფერავი, მწვანე, ჰიბრიდი, რისლინგი და შარდონე დაახლოებით 1 678,7 ჰექტარზე მიმდინარე წლის გაზაფხულზე გაშენდა.

ირაკლი ღარიბაშვილი ვენახში შეკრებილ ფერმერებს გაესაუბრა და აღნიშნა, რომ სასოფლო-სამეურნეო პროგრამებისა და იაფი კრედიტების მეშვეობით ბევრ მეურნეს მიეცა მეურნეობის განვითარების საშუალება. პრემიერ-მინისტრის განმარტებით, ხელისუფლება კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ვაზის გაშენებას, მოსავლის რეალიზებას, ხარისხის ზრდას და პროდუქტის მსოფლიო ბაზარზე გატანას, რადგან განვითარებული სოფლის მეურნეობა ქვეყნის ეკონომიკური წინსვლის საწინდარია.

"გლეხს შრომა დაუფასდა, ყურძენს ფასი დაედო. მინდა კიდევ ერთხელ დავადასტურო ჩემი მხარდაჭერა. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ წელს გასულ წელზე გაცილებით უკეთესი რთველი იყოს”,- განაცხადა პრემიერმა.