ფინანსური პირამიდის მორიგი საფრთხე - „ახალგაზრდა ადვოკატები“  სებ-ს „მიკროკრედიტის“ საქმით დაინტერესებას ურჩევს

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს ეროვნულ ბანკს მოუწოდებს დაიცვას ს.ს. „მიკროკრედიტის“ მომხმარებელთა უფლებები დაიმოქმედოს „საქართველოს ეროვნული ბანკის“ შესახებ კანონის მოთხოვნათა დაცვით, რაც გულისხმობს ეროვნული ბანკის საზედამხედველო ფუნქციის განხორციელებას, საფინანსო კომპანიის შემოწმებას და მასზედ შესაძლო აკრძალვებისა და შეზღუდვების დაწესებას.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ 2018 წლის იანვრიდან, არაერთი მოქალაქის მომართვის საფუძველზე, სწავლობს ს.ს. „მიკროკრედიტის“ საქმიანობას და საერთო სასამართლოებში გააჩნია მიმდინარე დავები. კომპანიის მიერ არ ხდება ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულებების შესრულება. მწვავედ დგას, როგორც ძირითადი თანხის, აგრეთვე სარგებლის მიღება, მათ შორის „მწვანე თამასუქის“ ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულებები.

ორგანიზაციის მეშვეობით, არაერთი მოქალაქე კომპანიისგან დღემდე ამაოდ მოითხოვს, პასუხი გაეცეს, თუ რა ობიექტური გარემოებების გამო არ ხდება სარგებლის გაცემა, მუშაობს თუ არა კომპანია სრული დატვირთვით, არის თუ არა კომპანია ფინანსური კრიზის წინაშე და გადახდისუნარიანი.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ს.ს. „მიკროკრედიტის“ შესახებ ინფორმაციის მიხედვით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განჩინებების საფუძველზე, უძრავ ქონებებზე წარმოქმნილია აკრძალვები და ყადაღები. მათ შორის, „ახალგაზრდა ადვოკატების“ წარმომადგენლობით, სასამართლომ 2018 წლის 15 მარტს განჩინებით, დააკმაყოფილა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების – აკრძალვის გამოყენების მოთხოვნა და კომპანიას თბილისსა და რეგიონებში, საკუთრებაში არსებული რვა უძრავი ქონების გასხვისება აეკრძალა.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებით, საქართველოს ეროვნული ბანკი სრულად ინფორმირებულია ს.ს. „მიკროკრედიტის“ არსებული მდგომარეობის თაობაზე, თუმცა არავითარ პრევენციულ ღონისძიებებს არ ახდენს მომხმარებელთა უფლებების დასაცავად. ორგანიზაციამ სებ-ის პრეზიდენტს, კობა გვენეტაძეს საკითხზე სწრაფი რეაგირებისთვის, ჯერ კიდევ 2018 წლის 18 იანვარს მიმართა. ორგანიზაციის მიერ სებ-ის წინაშე დასმულ კითხვებს შეადგენდა:

საქართველოს ეროვნული ბანკის მხრიდან, მოცემულ დრომდე, განხორციელებულა თუ არა რაიმე სახის აკრძალვებისა და შეზღუდვების დაწესება სს „მიკროკრედიტის“ მიმართ, სებ-ის მხირდან განხორციელებულა თუ არა სს „მიკროკრედიტის“ მიმართ ფულადი ჯარიმის დაკისრება, 2017 წლის 1 იანვრიდან დღეის მდგომარეობით, მოუმართავთ თუ არა სს „მიკროკრედიტის“ მომხმარებლებს სებ-ისთვის კომპანიასთან დაკავშირებული რაიმე სახის პრეტენზიით, მუშაობს თუ არა სებ-ი რაიმე სტრატეგიაზე, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნება სავარაუდო გადახდისუუნარობის შემთხვევაში, სს „მიკროკრედიტის“ მომხმარებელთა უფლებების დაცვა. აღნიშნულ წერილზე, სებ-ის მიერ 2018 წლის 6 თებერვალს მომზადდა გამოხმაურება და საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი, მურთაზ კიკორია საპასუხო განცხადებაში აღნიშნავდა, რომ „დღეის მდგომარეობით, ს.ს. „მიკროკრედიტი“ არ წარმოადგენს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებულ სუბიექტს და მასზე არ ვრცელდება საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობა. აქვე გვსურს განგიმარტოთ, რომ არ განხორციელებულა საქართველს ეროვნული ბანკის მხრიდან ს.ს. „მიკროკრედიტისათვის“ აკრძალვებისა და შეზღუდვების დაწესება“.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებით, ს.ს. „მიკროკრედიტის“ წინააღმდეგ საერთო სასამართლოებში მზარდი დავების გათვალისწინებით, ასევე კომპანიის ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი პოზიციები კრიტიკას ვერ უძლებს. პირიქით, შესაძლებელია, სებ-ის მიერ წახალისებული აღმოჩნდეს ფინანსური პირამიდის მოსალოდნელი საფრთხეები, რომლის შედეგებიც, ჩვენმა მოსახლეობამ საფინანსო კომპანია „საქართველოს“ სახით, უკვე იწვნია. შესაბამისად, ორგანიზაცია მოუწოდებს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, პირად კონტროლზე აიყვანოს ს.ს. „მიკროკრედიტის“ საქმე და მოხდეს გადამჭრელი ზომების მიღება.

ორგანიზაციის შეფასებით, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 47-ე მუხლის თანახმად, „სააგენტოს ამოცანაა საფინანსო სექტორის ფინანსური მდგრადობისა და გამჭვირვალობის ხელშეწყობა, მომხმარებელთა და ინვესტორთა უფლებების დაცვა. ამ მიზნით სააგენტო აკონტროლებს სისტემურ რისკს, ამცირებს პოტენციურ რისკებს, უზრუნველყოფს საფინანსო სისტემის სტაბილურ და ეფექტიან ფუნქციონირებას“. ამავე კანონის 48-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად „საზედამხედველო ფუნქციების შესასრულებლად ეროვნული ბანკი უფლებამოსილია გამოსცეს შესაბამისი დადგენილებები და ბრძანებები, განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები, გასცეს წერილობითი მითითებები, დააწესოს დამატებითი მოთხოვნები, შესაბამისი შეზღუდვები ან/და სანქციები.“ შესაბამისად, ორგანიზაცია სრულ პასუხისმგებლობას მომხმარებელთა უფლებების დაცვაზე, სწორედ საქართველოს ეროვნულ ბანკს აკისრებს.