ეროვნული ბანკის ახალი შეზღუდვა სესხებს გააძვირებს.
ფინანსისტები მიიჩნევენ, რომ რეგულაციების შემოღება ნაჩქარევი გადაწყვეტილებაა და მხოლოდ მსესხებელს დააზარალებს. სრულიად საპირისპირო მოსაზრება აქვთ ეროვნულ ბანკში. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, სებ-ის პრეზიდენტ კობა გვენეტაძის აზრით, კრედიტების ახალი კრიტერიუმებით გაცემა საპროცენტო განაკვეთებს შეამცირებს.
ეროვნულ ბანკში აცხადებენ, რომ თუ მსესხებლის გადამხდელუნარიანობის შესწავლა მოხდება, იგი გაცილებით დაბალპროცენტიან სესხს მიიღებს. რის საფუძველზე კეთდება ასეთი დასკვნა, გვენეტაძეს არ დაუკონკრეტებია, მან მხოლოდ სხვა ქვეყნების მაგალითები მოიშველია.
"სარგებელი იქნება ორმხრივი: ბანკსაც აღარ ექნება ის რისკი, რომ შესაძლოა, დეფოლტირება მოხდეს და მსესხებელსაც არ ექნება რისკი, რომ, შემოსავლის შეფასების გარეშე, მაღალ პროცენტად მიღებულ სესხს ვერ მოემსახურება.
იმ ქვეყნების გამოცდილება, სადაც ასეთი ზომები მიიღეს, აჩვენებს, რომ იმ ხალხმა, რომელთა გადამხდელუნარიანობის შესწავლაც მოხდა, სესხის მიღება უფრო დაბალი საპროცენტო განაკვეთით შეძლო", - აღნიშნა გვენეტაძემ.
აბსოლუტურად არ იზიარებენ სებ-ის ხელმძღვანელის პოზიციას საბანკო სფეროს სპეციალისტები. ისინი მიიჩნევენ, რომ 7 მაისიდან ბანკებს ნაკლები სესხის გაცემა მოუწევთ, რაც მათ მოგებას შეამცირებს. ამის გამო ისინი სასესხო მარჟის გაზრდას შეეცდებიან.
ფინანსისტი ირაკლი ბერძენაძე ფიქრობს, რომ ბანკები დანაკლისს ალტერნატიული გზებით შეავსებენ და მათთვის რეალურად არაფერი შეიცვლება, სამაგიეროდ, მომხმარებელი დაზარალდება. ამიტომ სებ-ის გადაწყვეტილება ნაჩქარევია და მხოლოდ უარყოფით შედეგს მოიტანს.
"ეროვნული ბანკის რეკომენდაციები საღ აზრს მოკლებულია. ბანკი ვერ დასწევს საბანკო განაკვეთს თუნდაც იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ლარში იაფი რესურსი არ აქვს. მეორეც, პრეისტორია გვიჩვენებს, რომ ლარიზაციამაც კი ვერ შეძლო არათუ საპროცენტო განაკვეთების შემცირება, არსებულ დონეზე მისი შენარჩუნებაც კი.
ვხედავთ, რომ ბოლო პერიოდში საპროცენტო განაკვეთები გაიზარდა. ბანკები ისედაც გადახდისუნარიანობის მიხედვით გასცემდნენ სესხს და მაღალ სარგებელს იღებდნენ. შესაბამისად, მათთვის არაფერი შეიცვლება. სებ-ის პოლიტიკა რეალურად ძალიან ცუდ შედეგამდე მიგვიყვანს.
ჩათვალეთ, რომ მსესხებლების დაახლოებით 50% დაიძვრება კერძო მევახშეებისა და ლომბარდებისკენ. თუ სახელმწიფოს უღირს, რომ მოსახლეობა კრიმინალ მევახშეებთან დაიტვირთოს, სხვა საქმეა, მაგრამ ქვეყნისთვის ეს საშიში ტენდენციაა", - აცხადებს ბერძენაძე და დასძენს, რომ კრედიტორთა უდიდეს ნაწილს, ვისაც ფიქსირებული შემოსავალი არ აქვს, ალტერნატიული გზების ძიება და ცუდსა და უარესს შორის არჩევანის გაკეთება მოუწევს.
"არცერთ ნორმალურ ქვეყანაში გადაწყვეტილებებს ასე ხელაღებით არ იღებენ. მარტივი არ არის, საქართველოში ადამიანს უცებ უთხრა, რომ სესხს ვერ აიღებს. დავუშვათ, მკურნალობის ხარჯის გასაწევად დასჭირდეთ თანხა და შეექმნათ პრობლემა, რადგან დადასტურებული შემოსავალი არ აქვთ.
გადახდისუნარიანობის გათვალისწინებით უნდა გაიცეს სესხი, ეს მესმის, მაგრამ მაშინ ხალხს სხვა ალტერნატივაც უნდა შესთავაზონ. ჯერჯერობით ეს ალტერნატივა არის მევახშეები და ლომბარდები, რაც ცუდსა და უარესს შორის არჩევანია", - განუცხადა "რეზონანსს" ბერძენაძემ.
ექსპერტთა ნაწილი საპროცენტო განაკვეთების ზრდასაც არ გამორიცხავს. ეკონომისტი ირაკლი მაკალათია ფიქრობს, რომ საპროცენტო განაკვეთების შემცირების ალბათობა არ არსებობს, მაგრამ, პირიქით, სავსებით შესაძლებელია.
"ბანკებს კლიენტურა საგრძნობლად შეუმცირდება, რის გამოც მოგების მაქსიმალურად შენარჩუნებისთვის საპროცენტო განაკვეთების ზრდას შეეცდებიან. ევროპასთან შედარებით, ისედაც მაღალია საპროცენტო განაკვეთები საქართველოში და კიდევ მომატება ძალიან ცუდი იქნება. დაჟინებით ვერ ვიტყვი, რომ მოიმატებს, მაგრამ შემცირება ნამდვილად შეუძლებელია.
გასაგებია იდეა, რომ მომხმარებელთა დაცვა სურთ, მაგრამ სასურველ შედეგს ვერ მიაღწევენ. ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებებით ხშირად საპირისპირო შედეგი მიგვიღია და საფრთხე ახლაც არსებობს. კონკურენციის გაზრდისკენ უნდა იყვნენ მოწოდებული და არა – რეგულაციების დაწესებისკენ, რაც ეკონომიკურ ზრდას ყოველთვის ამუხრუჭებს", - ამბობს მაკალათია.
მარი ჩიტაია
გაზეთი "რეზონანსი"