გიორგი კვირიკაშვილი:  რუსულ ბაზარზე ქართული სოფლის მეურნეობის პროდუქტის შესვლა ძალიან მნიშვნელოვანია

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, რუსულ ბაზარზე ქართული სოფლის მეურნეობის პროდუქტის შესვლა ძალიან მნიშვნელოვანია და რიგითი მოქალაქეების ცხოვრებას მნიშვნელოვნად გააადვილებს.

"პირველ რიგში მინდა მივესალმო იმას, რომ რუსულ ბაზარზე შევიდა ქართული სოფლის მეურნეობის ნაწარმი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენი რიგითი მოქალაქეების ცხოვრებას მნიშვნელოვნად გააადვილებს. თუმცა, რა თქმა უნდა, რისკები არის, გამომდინარე იქიდან, რომ სხვადასხვა ტიპის განცხადებები კეთდება, მაგრამ ვნახოთ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩვენი თანმიმდევრული პოლიტიკით, ევროინტეგრაციის პოლიტიკითა და ნორმალური კონსტრუქციული განწყობით, იმით, რომ განვავითაროთ ვაჭრობა და ტურიზმი რუსეთთან, მივაღწევთ, ალბათ გრძელვადიან პერსპექტივაში, იმას, რომ სხვა პრობლემებიც დარეგულირდეს",- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ხილისა და ბოსტნეულისთვის 26 მაისიდან რუსული ბაზარი გაიხსნა.