„საქართველო ერთადერთი ქვეყანაა რეგიონში, რომელსაც გაზსაცავი არ აქვს“, - ამის შესახებ ბიზნესის ანალიტიკოსი, სატრანსპორტო და საზღვაომომსახურების კომპანია „ტრანს ლოგისტიკის“ დირექტორი ჯაბა თარიმანაშვილი აცხადებს.
მისი თქმით, ენერგოუსაფრთხოებას ქვეყნისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა გააჩნია, რომ კრიტიკული საფრთხეების დროს დაცული იყოს.
„ენერგეტიკული უსაფრთხოება ეროვნული უსაფრთხოების განუყოფელი ნაწილია. ამიტომაც მნიშვნელოვანია ენერგომომარაგების შეფერხების ან შეწყვეტის რისკები კონტროლს ექვემდებარებოდეს და არ იწვევდეს ქვეყნისთვის კრიტიკულ საფრთხეებს. ელექტროობის და გაზის იმპორტზე მზარდი დამოკიდებულება ქმნის სხვა ქვეყნების ზეგავლენის და მათი ინტერესების გატარების ბერკეტებს. აღსანიშნავია, რომ ქვეყნის უსაფრთხოება შეიძლება დაირღვეს არა მხოლოდ მოწოდების შეწყვეტით, არამედ ამ შეწყვეტის მუქარით, ან კრიტიკულ სიტუაციაში დახმარების სანაცვლოდ მიღწეული ეკონომიკური თუ პოლიტიკური დათმობებით.
ყველას კარგად გვახსოვს 2006 წლის ზამთარი, როდესაც საქართველოს მოულოდნელად შეუწყვიტეს გაზის მიწოდება, რამაც ზამთრის დაბალი ტემპერატურის ფონზე ქვეყანაში არსებული ენერგოკრიზისის ხელახალი გამწვავება გამოიწვია. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ თითქოს გაზის მიწოდების შეზღუდვა ტექნიკურ პრობლემებს უკავშირდებოდა, თუმცა ექსპერტები ამ მიზეზს უსაფუძვლოდ მიიჩნევდნენ. მიუხედავად მოწოდების დივერსიფიკაციისა, დღესაც საქართველო სრულად უცხოეთიდან იმპორტირებულ ბუნებრივ აირზეა დამოკიდებული და დიდია კონკრეტული ერთი მომწოდებლის წილი საერთო იმპორტის მოცულობაში“, - აღნიშნავს თარიმანაშვილი.
მისივე განცხადებით, საქართველო აუცილებლად უნდა იყენებდეს გაზსაცავს, რაც მარაგების დაგროვების საშუალებას გააჩენს.
„გაზსაცავს, როგორც ენერგოუსაფრთხოების საუკეთესო საშუალებას, ბევრი ქვეყანა იყენებს. ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების წესებით, ამ გაერთიანების ყველა წევრ ქვეყანას ბუნებრივი აირის 2 თვის მარაგი უნდა ჰქონდეს. შესაბამისად, საცავში მუდმივად უნდა იყოს გაზის გარკვეული რაოდენობა, რომელსაც ქვეყანა ვერ შეეხება. მნიშვნელოვანია საქართველოს შეეძლოს ტექნიკური შეფერხების, დივერსიების და საგანგებო მდგომარეობის წინააღმდეგ დაცულობის უზრუნველყოფა დამოუკიდებლად.
საქართველო ერთადერთი ქვეყანაა რეგიონში, რომელსაც გაზსაცავი არა აქვს, რაც საქართველოს არ აძლევს საშუალებას, დამოუკიდებლად დააბალანსოს ბუნებრივ აირზე ზაფხულისა და ზამთრის მოთხოვნილება.
ამასთან, გაზსაცავის არქონა გაზის მიწოდების დაუგეგმავი შეწყვეტის შემთხვევაში საქართველოს რისკის წინაშე აყენებს. არ არსებობს არც მიღების ალტერნატიული გზები, რომ მოხერხდეს კრიტიკული შემთხვევებისგან თავდაცვა“, - აცხადებს ანალიტიკოსი.
მისივე განმარტებით, საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია შექმნას გაზის ალტერნატიული მიღების წყაროები ან უსაფრთხოების რეზერვი. აუცილებელია განვითარდეს სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტები, რომლებიც გამორიცხავენ პოლიტიკური ვაჭრობის ბერკეტებს, როდესაც საქართველო სრულად არის დამოკიდებული კონკრეტული ქვეყნებიდან იმპორტზე.
„გარდა გაზსაცავისა, მნიშვნელოვანია საქართველომ იფიქროს შავ ზღვაზე გათხევადებული ბუნებრივი აირის ტერმინალის განვითარებაზე. ან გაზსაცავისა და ტერმინალის კომბინაციაზე, რაც შექმნის დამატებით ღირებულებას და გაზსაცავს შესძენს კომერციულად მომგებიან პოზიციას არამარტო საქართველოსთვის, არამედ რეგიონისთვის. აღნიშნული ტერმინალი შექმნის, როგორც ალტერნატიული ექსპორტის საშუალებას, აგრეთვე ზღვიდან გემებით გაზის მიღების შესაძლებლობას.
ევროპული ქვეყნები ავითარებენ გაზის ალტერნატიული მიღების არხებს, რომ შემცირდეს მხოლოდ ერთ კონკრეტულ ქვეყანაზე დამოკიდებულება და შესუსტდეს მომწოდებელი ქვეყნის მიერ პოლიტიკური ვაჭრობის ბერკეტები. პოლონეთმა და ლიტვამ დაასრულეს იმპორტისთვის განკუთვნილი გათხევადებული აირის ტერმინალის მშენებლობა. ესტონეთში ტერმინალის მშენებლობის დასრულება 2020 წლისათვის არის მოსალოდნელი. უკრაინამ სწორედ პოლონეთის ტერმინალის გავლით და პოლონეთ-უკრაინის ინტერკონექტორის მეშვეობით მოახერხა ზღვიდან შემოსული გაზის მიღება“, - აღნიშნავს ჯაბა თარიმანაშვილი.
ამასთან, მისი თქმით, გასათვალისწინებელია საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) დაწესებული რეგულაცია, რომელიც 2020 წლის იანვრიდან გემებისთვის განკუთვნილ საწვავში გოგირდის შემცველობას 0,5%-მდე ზღუდავს.
„მრავალი გემთმფლობელი და ევროპული ქვეყნების პორტები ემზადებიან დაწესებული შეზღუდვისთვის და ვითარდება ინფრასტრუქტურა გაზზე მომუშავები გემების მომარაგებისათვის. მნიშვნელოვანია საქართველომ განსაზღვროს პრიორიტებები და იპოვოს საკუთარი ადგილი შავი ზღვის რეგიონში, გზაჯვარედინზე, სადაც გლობალური ენერგეტიკული მოთამაშეების ინტერესები იკვეთება. აუცილებელია შეიქმნას გადაწყვეტილებები და დამატებითი ღირებულება რეგიონისთვის, ისე რომ გაძლიერდეს ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობის პოზიციები“, - აცხადებს ანალიტიკოსი.