იმ დროს, როცა ბაზრები ფედრეზერვის მაისის სხდომის გადაწყვეტილებას ელიან, ოქროზე მოთხოვნა გაიზარდა და ამის შედეგად, ყვითელი მეტალის ფასი, ბოლო ორი თვის მინიმუმს ოდნავ დაშორდა.
ამის პარალელურად, დოლარის პოზიციები ოდნავ შესუსტდა, რადგან ინვესტორები და ტრეიდერები ფედრეზერვის გადაწყვეტილებამდე, დოლარის ყიდვის პოზიციებს ხურავენ და მოგებას აფიქსირებენ.
ნიუ-იორკის სასაქონლო ბაზრის კომექსის სავაჭრო პლატფორმაზე, ტროას უნცია ოქროს ივნისის ფიუჩერსი 4.10 დოლარით (0.31%) გაიზარდა და 1 310.90 დოლარს მიაღწია. სამშაბათს ყვითელი მეტალის ფასი 1 302.40 დოლარის დონეზე იყო, რაც 1 მარტის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელი იყო.
პარალელურად, დოლარის ინდექსი, რომელიც ექვსი წამყვანი ვალუტის მიმართ ამერიკული ვალუტის საშუალო კურსს ასახავს, 0.21 პროცენტით, 92.09-მდე შემცირდა. სამშაბათს ის ბოლო ოთხი თვის მაქსიმალურ მაჩვენებელზე (92.37) იმყოფებოდა. ოქროს ფასის ზრდას, მეტწილად სწორედ დოლარის კლება განაპირობებს, რასაც ის გარემოება იწვევს, რომ ოქროს ფასი დოლარშია გამოსახული.
ოქროს ზრდა შეზღუდულია და ის ინვესტორთა მოლოდინით არის გამოწვეული. მათი ყურადღება ამჟამად ფედრეზერვისკენ არის მიმართული, რომელმაც მონეტარულ პოლიტიკასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები დღეს უნდა გამოაქვეყნოს. ინვესტორებს აინტერესებს, ფედრეზერვი განაკვეთს წელს ორჯერ ასწევს, როგორც წინასწარ არის გამოცხადებული, თუ სამჯერ, რაც შესაძლოა, ეკონომიკის სწრაფი ზრდის გამო გადაწყდეს.