პაატა ზაქარეიშვილი: რუსულ ბაზარზე ჩვენი პროდუქციის გატანა პოლიტიკური ვაჭრობის თემა არ უნდა იყოს

ძალიან მნიშვნელოვანია რუსულ ბაზარზე ჩვენი პროდუქციის გატანა, მაგრამ ეს არ უნდა იყოს პოლიტიკური ვაჭრობის თემა.

ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის მინისტრმა, პაატა ზაქარეიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მინისტრი გამოეხმაურა რუსეთის ბაზარზე ქართული ხილისა და ბოსტნეულის გატანას და აღნიშნა, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რაც ხდება ამ დღეებში.

"ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობიდან გამომდინარე ჩვენი ფერმებისთვის, რადგან რუსული ბაზარი მნიშვნელოვანი ბაზარია", - აღნიშნა პაატა ზაქარეიშვილმა.

რაც შეეხება პერსპექტივებს და რისკებს, სახელმწიფო მინისტრის შეფასებით, ეს მოსალოდნელია.

"ჩვენ უკვე გავიარეთ, კარგად ვიცით, რა არის რუსული ემბარგო ჩვენი პროდუქციის მიმართ, ამიტომ დიფერენცირებული გვაქვს დიდი ხანია ჩვენი წარმოება. ძალიან მნიშვნელოვანია რუსულ ბაზარზე ჩვენი პროდუქციის გატანა, მაგრამ ეს არ უნდა იყოს პოლიტიკური ვაჭრობის თემა. როგორც კი ამ მიმართულებით გადავალთ, ბუნებრივია, საქართველოს შესწევს უნარი, მოახდინოს დივერსიფიკაცია", - აღნიშნა პაატა ზაქარეიშვილმა.