თუშეთში 10 ციხე-სოფლის საინვენტარიზაციო-კვლევითი სამუშაოები იწყება

საქართველოს მთავრობა თუშეთში 10 ციხე-სოფლის საინვენტარიზაციო-კვლევით სამუშაოებს იწყებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის ინფორმაციით, საწყის ეტაპზე ამ პროექტის განსახორციელებლად 400 ათასი ლარი გამოიყოფა.

“თუშეთში ვიწყებთ 10 ციხე-სოფლის რეაბილიტაციის კვლევას. მოგეხსენებათ, თუ რამხელა სიმდიდრეს წარმოადგენს საქართველოსთვის თუშეთი, თავისი ულამაზესი ისტორიულ-ენოგრაფიული მემკვიდრეობით, ლანდშაფტით. ესენია - ძველი დიკლო, ძველი გირევი, ჭონთიო, ჰეღო, აგეურთა, წარო, კვავლო, ფარსმა, დაქიურთა და ინდურთა. სამწუხაროდ, დღეისთვის თუშეთის უძველესი ნაგებობების ნაწილი არის ან დაგრეული, ან განადგურების პირას. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ, არ ჩატარებულა არანაირი კვლევა ამ კულტურული მემკვიდრეობის და ჩვენ აუცილებლად უნდა დავგეგმოთ ამ ძეგლების აღწერა, ინვენტარიზაცია და შემდგომში უკვე სრული რეაბილიტაცია. ვიწყებთ 10 სოფლის საინვენტარიზაციო-კვლევით სამუშაოებს. ესენია უძველესი ქართული სოფლები. პირველ ეტაპზე ჩვენ გამოვყოფთ 400 ათას ლარს, რომ მოხდეს აღწერა. ძალიან კარგია, რომ სამუშაოებში ჩაერთვებიან ახალგაზრდები, სტუდენტები.ზაფხული კარს მოგვადგა და ეს სამუშაოები ამ პერიოდში განხორციელდება. შემდგომში, კი ამ აღწერის საფუძველზე მოხდება ამ უძველესი და უმნიშვნელოვანესი ძეგლების რეაბილიტაცია“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.