სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევაზე ჯარიმები, ზოგ შემთხვევაში, 1000%-ით იზრდება.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა გიორგი მღებრიშვილმა განაცხადა, სამოქალაქო უსაფრთხოების სისტემის რეფორმის ფარგლებში იზრდება სახანძრო ზედამხედველობას დაქვემდებარებული ობიექტების ჩამონათვალი.
„კანონის მიღების შემთხვევაში სახანძრო ზედამხედველობა გავრცელდება საზოგადოებრივი თავშეყრის ყველა ობიექტზე. ეს იქნება სასტუმროები, სავაჭრო ცენტრები, კლუბები, საცხობი ობიექტები. ასევე, მნიშვნელოვნად იზრდება ადმინისტრაციული ჯარიმები და პასუხისმგებლობა სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევაზე. მოქმედი კანონით არაადეკვატურად დაბალი ფულადი ჯარიმებია. რიგ შემთხვევებში ობიექტების მეპატრონეებს ურჩევნიათ გადაიხადონ ჯარიმები, ვიდრე გამოასწორონ სახანძრო უსაფრთხოების სისტემა. ჩვენ გარკვეულ შემთხვევებში 1000%-თაც კი გავზარდეთ ფულადი ჯარიმები და ვფიქრობ, ეს საკმაოდ დიდ ეფექტს გამოიღებს“, - განაცხადა მღებრიშვილმა.