აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის სტრატეგიის ფარგლებში, საინფორმაციო კამპანიის მასშტაბურობიდან გამომდინარე სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გამოაცხადა ელექტრონული ტენდერი, რომელიც კონკურენტუნარიანობის პრინციპის, კანონმდებლობის წესების და ვადების სრული დაცვით ჩატარდა და გამოვლინდა გამარჯვებული კომპანია,
- ამის შესახებ ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ „ფეისბუქის“ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
როგორც სურსათის ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის სტრატეგიის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა აქტიური საინფორმაციო კამპანია და მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდა. ამ მიზნით, სურსათის ეროვნული საგენტო წლის დასაწყისიდან ახორციელებს ღონისძიებებს.
„ამჟამად მავნებელთან ბრძოლის პროცესი აქტიურ ფაზაში გადადის და გაგრძელდება წლის ბოლომდე. ამ პერიოდში განხორციელდება წამლობითი სამუშაოები, გაგრძელდება მონიტორინგი, დამონტაჟდება „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგურები. მავნებელთან ბრძოლის სტრატეგიის შესაბამისად სწორედ ამ ეტაპზეა მოსახლეობის ჩართულობა მნიშვნელოვანი, რაც საჭიროებს ინფორმაციის მაქსიმალურად მიწოდებას, რაც უზრუნველყოფს ფაროსანას პოპულაციის შემცირებას და შედეგად, სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაცვას და ეკონომიკური ზარალის თავიდან აცილებას.
საინფორმაციო კამპანიის მასშტაბურობიდან გამომდინარე სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გამოაცხადა ელექტრონული ტენდერი, რომელიც კონკურენტუნარიანობის პრინციპის, კანონმდებლობის წესების და ვადების სრული დაცვით ჩატარდა და გამოვლინდა გამარჯვებული კომპანია. ელექტრონული ტენდერის პირობებიდან გამომდინარე, გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმებამდე, ინფორმაცია სხვა მონაწილეებთან დაკავშირებით, ხელმისაწვდომი არ არის. ხელშეკრულების გაფორმებისთანავე აღნიშნული ინფორმაცია გასაჯაროვდება.
საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში მომზადდა საინფორმაციო ბროშურა “ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას“, რომელიც გავრცელდება მთელი ქვეყნის მასშტაბით, ამოქმედდა საკოორდინაციო შტაბები დასავლეთ საქართველოსა და აჭარაში, სადაც თავს იყრის ელექტრონულ ბაზაში მონაცემები მონიტორინგის შედეგების შესახებ და იგეგმება მუნიციპალიტეტების მიხედვით წამლობის ღონისძიებები. ყოველდღიურ რეჟიმში ვრცელდება ინფორმაცია მიმდინარე აქტივობების შესახებ. ამოქმედდა სპეციალური ვებგვერდი. სამეგრელოს, გურიის, იმერეთის რეგიონებში და ასევე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ფუნქციონირებს ცხელი ხაზი. ინტენსიურ რეჟიმში იმართება მოსახლეობასთან შეხვედრები და სწავლებები სპეციალისტებისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, გუშინ ტენდერში გამარჯვებულმა სარეკლამო კომპანია “ედლაინმა” განცხადება გაავრცელა, რომელსაც „ინტერპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ:
ნიკანორ მელია ცდილობს შეცდომაში შეიყვანოს საზოგადოება - სარეკლამო კომპანია “ედლაინის” განცხადება
ნიკანორ მელიამ “ტვპირველის” ეთერში გააკეთა განცხადება, ციტატა: “ გამოაცხადეს რაღაცა, მილიონ ლარამდე ტენდერი… და ვინ მოიგო ეს ტენდერი, რომელიც უკონკურენციო იყო, ანუ არ ყავდა კონკურენტი, დახურული ტენდერი?.. ქუმსიშვილის ოჯახის წევრმა, ქუმსიშვილის მეუღლის ბიძაშვილმა". ციტატის დასასრული.
ნიკანორ მელია ცდილობს შეცდომაში შეიყვანოს საზოგადოება.
ტენდერში გამარჯვებული სარეკლამო კომპანია “ედლაინი” განმარტავს, რომ ტენდერი გამოცხადდა სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ, საწყისი ფასით 887 000 ლარი და ითვალისწინებს ფაროსანას საწინააღმდეგო საშუალებების და მათი მოხმარების შესახებ საინფორმაციო მასალების (მ.შ. ფილმების, სხვადასხვა რგოლების, ელექტრონული ბანერების, სტატიების და სხვ.) შექმნას და გავრცელებას პრაქტიკულად ყველა მედიის, ტელევიზიების (“ტვპირველი”, “რუსთავი 2”, “იმედი”, "პალიტრანიუსი"…), პრესის, ინტერნეტმედიის, სოციალური ქსელების და სხვ. საშუალებით.
ელექტრონული ტენდერი მოიგო ჩვენმა კომპანიამ 709 601 ლარად, ანუ საწყის ფასზე 177 399 ლარით იაფად. ტენდერი არ ყოფილა უკონკურენტო, ეს იყო ელექტრონული ტენდერი, სადაც “ედლაინმა” დააფიქსირა ყველაზე დაბალი ფასი და შესაბამისად გახდა ტენდერის გამარჯვებული.
სარეკლამო კომპანია “ედლაინი” შედის “პალიტრამედიას” შემადგენლობაში, შესაბამისად, მას გააჩნია, როგორც ვიდეო, აუდიო, ბეჭდური თუ ვებ მასალების წარმოების საკუთარი საშუალებები და მრავალრიცხოვანი პროფესიონალი კადრები, ასევე ინფორმაციის განთავსების სხვადასხვა მედიაპლატფორმები, რომლებიც ასევე შედიან “პალიტრამედიას” შემადგენლობაში. “ედლაინი” თანამშრომლობს სხვა ქართულ მედიასაშუალებებთანაც, როგორც დამკვეთი ორგანიზაცია.
რაც შეეხება დიმიტრი ქუმსიშვილთან ნათესაურ კავშირს, შპს “ედლაიანის”, ისევე, როგორც “პალიტრამედიას” ერთ-ერთი დამფუძნებელი, ირაკლი თევდორაშვილი ნამდვილად არის დიმიტრი ქუმსიშვილის ცოლის ბიძაშვილი.
ინფორმაციისთვის: “პალიტრამედია” დაფუძნებულია 23 წლის წინ და აერთიანებს 20-მდე კომპანიას, მედიის და მომიჯნავე სფეროებში.
ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ, რადგან დამფუძნებელი მინისტრის ნათესავია, ჩვენმა, მრავალწლიანი გამოცდილების მქონე კომპანიამ არ უნდა მიიღოს ტენდერსა თუ კონკურსში მონაწილეობა და არ შეასრულოს მომსახურება, რომელსაც დიდი მონდომებით, წარმატებით ასრულებს და ავითარებს", - ნათქვამია განცხადებაში.