ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2018 წლის იანვარ-აპრილში, საქართველოდან მსოფლიოს 43 ქვეყანაში 25 მლნ ბოთლი ღვინის (0,75 ლ) ექსპორტი განხორციელდა.
როგორც ღვინის ეროვნული საააგენტოდან იუწყებიან, ეს მაჩვენებელი 36%-ით აღემატება 2017 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. სულ ექსპორტირებულია 59,2 მლნ-მდე აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, ზრდამ გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 43% შეადგინა.
ექსპორტის მატება დაფიქსირდა როგორც ევროპის, ისე აშშ-ს, აზიისა და ტრადიციული ბაზრების მიმართულებით: იაპონია - 139% (73122), ჩეხეთი - 90%(21288), დიდი ბრიტანეთი - 89% (40740), ყაზახეთი - 84% (1108938), ნიდერლანდები - 83% (29793), სამხრეთ კორეა 76% (31380), ბელარუსი - 75% (321258), გერმანია - 66% (241540), ლიტვა 51% (172020), რუსეთი - 47% (16246021), ლატვია - 32% (526380), უკრაინა - 27% (2389280), პოლონეთი - 24% (1012774), ესტონეთი - 19% (1858926), აშშ - 4% (105568) და სხვა.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეულია: რუსეთი (16246021), უკრაინა (2389280), ჩინეთი (1802792), ყაზახეთი (1108938) და პოლონეთი (1012774).
საანგარიშო პერიოდში სხვადასხვა მოცულობის ღვინის ექსპორტი 147-მა კომპანიამ განახორციელა.
ამასთან, იანვარ-აპრილში საქართველოდან მსოფლიოს 18 ქვეყანაში ექსპორტირებულია 5 მლნ ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 17%-ით აღემატება გასული წლის 4 თვის მონაცემებს.
საანგარიშო პერიოდში საქართველოდან მსოფლიოს 20 ქვეყანაში ექსპორტირებულია 84 ათასი ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა, ზრდამ შეადგინა 32%.
სააგენტოს ცნობით, ღვინის, ბრენდის, საბრენდე სპირტისა და ჩამოსასხმელი ღვინის ექსპორტით მიღებულმა შემოსავლებმა 96,5 მლნ აშშ დოლარს მიაღწია, რაც 28%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.