გარემოს ეროვნულმა სააგენტომ წარმოადგინა კვლევა, რომლის მიხედვითაც, საქართველოში ჰაერის დასაშვებზე მაღალი ან ძალიან მაღალი დაბინძურების მაჩვენებელი არსად შეინიშნება.
გაზომვა ჩატარდა საქართველოს 25 რეგიონში და თბილისის 25 წერტილში. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, გამოქვეყნებულ შედეგებს არ ენდობიან სფეროს სპეციალისტები. ისინი გაზომვის დროს არსებულ ხარვეზებსა და უზუსტობაზე პირდაპირ მიუთითებენ.
გარემოს ეროვნულმა სააგენტომ მიმდინარე წლის მარტში ატმოსფერული ჰაერის ინდიკატორული გაზომვის მეთერთმეტე ეტაპის შედეგები წარმოადგინა. აპარატები (ინდიკატორული მილაკები) განთავსებული იყო 25 დასახლებულ პუნქტში: თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, ზესტაფონი, რუსთავი, თელავი, გორი, ახალციხე, ზუგდიდი, კასპი, მცხეთა, ოზურგეთი, ფოთი, სამტრედია, სენაკი, საჩხერე, ლანჩხუთი, ტყიბული, ჭიათურა, ხაშური, მარნეული, ბოლნისი, სიღნაღი, ყაზბეგი, ჩხოროწყუ. გაზომვა მოიცავს აზოტის დიოქსიდის, გოგირდის, ოზონისა და ბენზოლის კონცენტრაციის დადგენას. კვლევა ჩატარდა თბილისის 25 ლოკაციაზეც.
ევროკავშირის ნორმების შესაბამისად, ჰაერში აზოტის დიოქსიდის კონცენტრანტების მაღალი ან ძალიან მაღალი ინდექსი არც ერთ ადგილას არ გამოვლენილა. შემოწმებული 25 ნიმუშიდან არც ერთი არ ხვდება მაღალი ან ძალიან მაღალი ინდექსის კატეგორიაში.
უცნაურია, მაგრამ ბენზოლის გადაჭარბება თბილისის არც ერთ ქუჩაზე არ გამოვლინდა იმ ფონზე, როცა საქართველოს დედაქალაქი მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ ჰაერის მაღალი ინდექსით დაბინძურების გამო ავადობის რისკის შემცველ ქალაქად არაერთხელ დასახელებულა. სხვადასხვა კვლევით კი, საქართველოში ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი დასაშვებს 2.9-ჯერ აღემატება.
ქვეყანაში იზრდება ჰაერის დაბინძურების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამომწვევი, მანქანების რაოდენობა და, შესაბამისად, გამონაბოლქვი. მზარდია ბუნებრივი აირის მოხმარებაც, ნამწვიც მეტად გაიფრქვევა ჰაერში.
გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ შედეგებს არ ენდობიან სფეროს სპეციალისტები და გაზომვის დროს არსებულ ხარვეზებსა და უზუსტობაზე მიუთითებენ. აკადემიკოსი სიმონ ბარამიძე ამბობს, რომ ჰაერის დაბინძურების მაჩვენებლის გაზომვა არ ხდება სწორად. დაბინძურების მაჩვენებელი ძალიან მაღალია და თითოეულ ქალაქს უნდა ჰქონდეს არა მხოლოდ გენგეგმა, არამედ ქალაქის განვითარების სტრატეგიაც, სადაც მკაცრად იქნება გაწერილი სტანდარტები ეკოლოგიის კუთხით.
"გაზომვა, რასაკვირველია, არ იქნება სწორად ჩატარებული. ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი უნდა იზომებოდეს მიწიდან 2 მეტრზე, ანუ იქ, სადაც ადამიანები დადიან. რატომღაც ისე ხდება, რომ გაზომვის სიმაღლე 15 მეტრია. გამოდის, ჩვენც იქ უნდა გადავიდეთ საცხოვრებლად, რომ ნაკლებად დაბინძურებული ჰაერი ვისუნთქოთ? ადრე ვამბობდი, რომ განსაკუთრებით დედაქალაქში 3 მეტრის სიმაღლეზე იყო დაბინძურებული ჰაერი, ახლა ეს ზღვარი უკვე 10 მეტრამდე გაიზარდა.
კორპუსების მშენებლობა მოხდა ისე, რომ ქალაქს არავითარი აერაცია არ აქვს. ადრე თუ ქარი ანიავებდა ამ ქალაქს 6-7 მ/წმ სისწრაფით, ახლა 12-15 მ/წმ-ია საჭირო. ეს რომ მოხდეს, საქართველოში ქარიშხალი უნდა იყოს მუდმივად.
რატომღაც არავინ საუბრობს გათბობის ქვაბების გამონაბოლქვზე და მხოლოდ ავტომობილის გამონაბოლქვი მიაჩნიათ პრობლემად, არადა, ქალაქს ესეც ემატება და მძიმე ვითარებას ქმნის. გათბობის ეს სისტემა, ე. წ. კედლის საქვაბეები აიტაცა რამდენიმე დეველოპერმა. სამწუხაროა, რომ ამას არავინ აკონტროლებს და დღემდე ისე ხდება, რომ სამშენებლო-სარემონტო მასალები და აშენებული შენობა-ნაგებობები არ მოწმდება ეკოლოგიურ უსაფრთხოებაზე.
ქალაქს უნდა ჰქონდეს დაკანონებული განვითარების სტრატეგია, სადაც დიდი ადგილი დაეთმობა ეკოლოგიას, რაც მოსახლეობისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. ყველაფერზე უნდა არსებობდეს ნორმატიული აქტი, სადაც მკაცრად იქნება გაწერილი სტანდარტები", - უთხრა "რეზონანსს" ბარამიძემ.
არასამთავრობო ორგანიზაცია "ეკოტექის" ხელმძღვანელი თემურ ვეკუაც ამბობს, რომ ოფიციალურ შედეგებზე გაცილებით დიდია ქალაქში ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი.
"მათი გაზომვა არ არის კორექტული. ჯერ ერთი, ზომავენ მხოლოდ რვა ინგრედიენტს, როცა ჰაერში სიცხის დროს გამოიყოფა 300 ინგრედიენტი. წერტილებიც და სეზონიც არჩეულია არასწორად. თუ გაზომავენ იმ ადგილებში, რომელზეც ხშირად მივუთითებთ ეკოლოგები, იქ ჰაერი სდაბინძურება სამჯერ მეტია ყველა დასაშვებ ნორმაზე.
არის მეორე ფაქტორიც. შეიძლება ყველა ინგრედიენტი ნორმაზე ოდნავ მეტი იყოს, მაგრამ მათი ჯამური ეფექტი გახდეს სასიკვდილო. უფრო გასაგები რომ გავხადო ეს ნათქვამი, ასეთ მაგალითს მოვიყვან, 3 სხვადასხვა წამლის მიღება ცალ-ცალკე შეიძლება სასარგებლო იყოს, მაგრამ ერთად მიღების შემთხვევაში სასიკვდილო რეაქცია გამოიწვიოს.
რამდენიმე დღის წინ იყო პარლამენტის სხდომა, რომელიც ჩაატარა გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ. კომიტეტში იციან ჰაერის დაბინძურების მაღალი მაჩვენებლის შესახებ და აშკარაა გამოსწორების გზებსაც ეძებენ. იგეგმება მოკვლევის მექანიზმის ამოქმედება. კომიტეტზე იმყოფებოდა ინგლისელი ექსპერტი, რომელმაც გაგვაცნო, თუ როგორ ხდება ამ ფაქტების განხილვა და რეგულირება. შეხვედრაზე აშკარად იგრძნობოდა უკმაყოფილება ჩვენი სააგენტოს გაზომვის მეთოდით. არ არის გათვალისწინებული ინვერსია, სუმაცია და ბევრი სხვა რამ. ამიტომ მათი გაზომვის შედეგები ძალიან პირობითია.
ზამთრაში გათბობის სისტემები მოიხმარს აზერბაიჯანულ გაზს, რომელსაც ბევრი სხვა ინგრედიენტიც ემატება, რაც ჰაერის დაბინძურებას იწვევს. ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვის გარდა, დიდი პრობლემაა მეორადი საბურავების ცვეთისას ჰაერში მოხვედრილი მინაერთების წილიც ჰაერის დაბინძურებასა და კანცეროგენული ნივთიერებების გამოყოფაში.
არის კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც რატომღაც არავინ ითვალისწინებს და ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის რადონის დაგროვება საცხოვრებელ სახლებში. რადონი რადიაციული ნივთიერებაა, რომელიც გამოიყოფა სახლის სარდაფებში. გარდა ამისა, მისი გამოყოფა ხდება იმ სახლებში, სადაც არაეკოლოგიური პროდუქციაა გამოყენებული. ჩვენ რომ ამის გაზომვა დავიწყოთ, აღმოჩნდება, რომ რადონით დაბინძურებულია სახლების 90%", - აღნიშნა ვეკუამ "რეზონანსთან" საუბრისას.
ცნობისთვის, რადონს "თეთრ სიკვდილსაც" უწოდებენ. ის უმძიმეს დაავადებებს, მათ შორის, სიმსივნეს იწვევს.
თამარ მუკბანიანი
გაზეთი "რეზონანსი"