მინდა მივმართო ყველას, ვინც სხვადასხვა სუბიექტური მიზეზის გამო ცდილობს, რომ ჭარბვალიანობასთან დაკავშირებული რეფორმა გადაიყვანოს არა შინაარსობრივ მსჯელობაში, არამედ რაღაც კონსპირაციული თეორიები შექმნას ამის გარშემო, ამ გადაწყვეტილებებში ვიქნებით ძალიან პრინციპულები , - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ქალაქ მანილაში განუცხადა. მისი თქმით, ჭარბვალიანობა საქართველოში არის პრობლემა და ამას სჭირდება მიხედვა.
„როდესაც ამაზე საუბარი დავიწყეთ, საზოგადოებაში ამას მოჰყვა ჯანსაღი დისკუსია. ეს არის ძალიან კარგი და მისასალმებელი. მინდა მივმართო ყველას, ვინც სხვადასხვა სუბიექტური მიზეზის გამო ცდილობს, რომ აღნიშნული რეფორმა გადაიყვანოს არა შინაარსობრივ მსჯელობაში, არამედ რაღაც კონსპირაციული თეორიები შექმნას ამის გარშემო - ჩვენ ამ გადაწყვეტილებებში ვიქნებით ძალიან პრინციპულები. ჭარბვალიანობა საქართველოში არის პრობლემა და ამას სჭირდება მიხედვა. ყველა წამყვანი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი იზიარებს ამ პოზიციას“, - აღნიშნა ბახტაძემ.
მისივე თქმით, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებასთან დაკავშირებითაც, ნურავის ექნება იმის ილუზია, რომ მთავრობა გადაუხვევს ამ გზას.
„მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება არის ერთადერთი საშუალება საქართველოში მივაღწიოთ ე.წ. ინკლუზიურ ზრდას, ანუ ზრდა, რომელიც შეეხება თითოეულ მოქალაქეს. ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი მარტშიც ძალიან კარგი იყო, მაგრამ ამავე დროს უნდა ვუყუროთ ხარისხობრივ ზრდას, რომელიც ყველა მოქალაქეს შეეხება. ამ თვალსაზრისითაც ჩვენ ფინანსურ სექტორთან ერთად გვექნება ახალი თამაშის წესები, სადაც ჩვენი მცირე მეწარმეები შეძლებენ ისეთი ტიპის მხარდაჭერის მიღებას, რომელიც დადებით იმოქმედებს მათ ბიზნესზე“, - აღნიშნა ბახტაძემ.