პოროშენკომ პირობა დადო, რომ Roshen-ს გაყიდის

უკრაინის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა, პეტრე პოროშენკომ დაადასტურა, რომ ”გადამწყვეტ ნაბიჯს” გადადგამს.

მას შემდეგ, რაც ქვეყნის პრეზიდენტის პოსტს ოფიციალურად დაიკავებს, პოროშენკო თავის ბიზნესს გაყიდის. ეს გადაწყვეტილება არ შეეხება პოროშენკოს კუთვნილ ტელეკომპანია ”მეხუთე არხს”.

პოროშენკო უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში ყველაზე მდიდარი კანდიდატი იყო. ჟურნალმა Forbes-მა უკრაინის ახალი პრეზიდენტის ქონება 2013 წლის მონაცემებით, 1.3 მლრდ დოლარად შეაფასა. ჟურნალი ბიზნესმენის ინტერესის სფეროდ კვების მრეწველობას ასახელებდა.

პოროშენკოს ქონების დიდი ნაწილი შედგება საკონდიტრო კორპორაცია Roshen-ისგან და ”აგროპოდინვესტ” ჯგუფისგან, რომელსაც უკრაინაში 100 000 ჰა-ზე მეტი მიწა ეკუთვნის.

პოროშენკო სხვა ბიზნესებსაც ფლობს, თუმცა მთავარი მაინც Roshen-ია. Roshen -ის წარმოების საერთო მოცულობა შეადგენს 450 ტონა საკონდიტრო ნაწარმს წელიწადში. ჯგუფი უშვებს 320 სახელობის საკონდიტრო პროდუქტს.

2014 წლის Candy Indusrty Top-100-ის მსოფლიო რეიტინგში Roshen-ს მე-20 ადგილი უჭირავს, 1.021 მლრდ დოლარიანი გაყიდვებით.

უკრაინელი ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ შესაძლოა, უკრაინაში არ მოიძებნოს ბიზნესმენი, რომელიც Roshen-ის ყიდვას გაწვდება. AVG Capital Partners-ის ანალიტიკოსი ელენა იუშკოვა მიიჩნევს, რომ Roshen-ის ღირებულებამ შესაძლოა, 1.3 მლრდ დოლარს გადააჭარბოს. მისივე თქმით, მეტად სავარაუდოა, რომ ბიზნესი დანაწევრდეს და ისე გაიყიდოს.