გახდება თუ არა ფილმ „შურისმაძიებლების“ მესამე ნაწილი მილიარდ დოლარამდე ყველაზე სწრაფად მზარდი ფილმი, ეს ამ უქმეებზე გაირკვევა.
გასულ უქმეებზე მსოფლიოს დიდ ეკრანებზე გამოსულ 2018 წლის მთავარ ბლოკბასტერს ოთხშაბათის მონაცემებით (პრემიერიდან 6 დღე) უკვე დაუგროვდა 857,531,270 დოლარის შემოსავალი, რაც ასეთ მოკლე დროში ძალიან მაღალი მაჩვენებელია. მილიარდამდე ყველაზე სწრაფად მზარდი ფილმის რეკორდი კი ასევე კომპანია „დისნეის“ მიერ გადაღებულ „ვარსკვლავური ომები: ძალის გამოღვიძებას“ ეკუთვნის, რომელმაც ეს ზღვარი როტაციაში ყოფნის მე-11 დღეს გადალახა. შესაბამისად, მაღალია ალბათობა იმისა, რომ „შურისმაძიებლები“ ამ რეკორდს უკვე კვირას ანუ გამოსვლიდან მეათე დღეს მოხსნის.
დღემდე კი შეგახსენებთ, ფილმმა რამდენიმე მნიშვნელოვანი რეკორდი გააუმჯობესა, მან გამოსვლიდან პირველ სამ დღეში ამერიკის მასშტაბით 258 მილიონი დოლარი გამოიმუშავა და ამ მაჩვენებლით ასევე „ვარსკვლავური ომები: ძალის გამოღვიძების“ რეკორდს (247 მილიონი) აჯობა. მან ასევე გააუმჯობესა მსოფლიოს მასშტაბით არსებული რეკორდი საპრემიერო უქმეებისა, რომელიც ფილმ „ფორსაჟი 7-ს“ ეკუთვნოდა და პირველ სამ დღეში ჯამში 660 მილიონ დოლარამდე გამოიმუშავა და არსებული რეკორდი მთელი 100 მილიონით გააუმჯობესა.
აღსანიშნავია, რომ ფილმზე დიდი მოთხოვნაა საქართველოს კინოთეატრებშიც და როგორც აცხადებენ, თბილისის კინოთეატრების სეანსებზე დასწრების 80%-ზე მეტი სწორედ „შურისმაძიებლების“ მესამე ნაწილზე მოდის.
Avengers: Infinity War - ეს არის ჯო და ენტონი რუსოების მიერ გადაღებული „შურისმაძიებლების“ მესამე ნაწილი „უსასრულობის ომი“, სადაც „მარველის“ კომიქსების პრაქტიკულად ყველა სუპერ და ანტი გმირია თავმოყრილი.
კოკა კვირკველია