გიორგი კოდუა გაუქმებული ავიაკომპანიის აღდგენას ითხოვს

ავიაკომპანია "ეარ კავკასუსის" პრეზიდენტი გიორგი კოდუა გაუქმებული კომპანიის აღდგენას და ხელისუფლებისაგან მხარდაჭერას ითხოვს.

გიორგი კოდუას განცხადებით, წინა ხელისუფლებამ მის კომპანიას ლიცენზია ჩამოართვა და ავიაკომპანია გააუქმა. კოდუას თქმით, ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, კომპანიის აღსადგენად მუშაობა დაიწყო და ბოლო ერთი წლის განმავლობაში სინგაპურულ კომპანიებთან - "ევრაზია აიერლაინთან" და A-Sonic-თან ერთად კომპანიის აღსადგენად ინვესტიციები განახორციელა.

როგორც კოდუა აცხადებს, ახლახან კომპანიას სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ჯერ ლიცენზია შეუჩერა, შემდეგ კი მთლიანად კომპანიის გაუქმებას მოაწერა ხელი. გიორგი კოდუას თქმით, ამ ფაქტთან დაკავშირებით 10 დღის წინ მან საჩივრით მიმართა ეკონომიკის სამინისტროს. კოდუა პრემიერ-მინისტრსა და ეკონომიკის მინისტრს მიმართავს და ქართველი ბიზნესმენების მხარდაჭერასა და დაცვას ითხოვს.

კოდუას თქმით, ამ ბიზნესში კომპანიამ დაახლოებით 5 მილიონი ინვესტიცია განახორციელა, ხოლო 2 მილიონი - სინგაპურულმა კომპანიებმა. "ეარ კავკასუსის" პრეზიდენტი ხელისუფლებას მიმართავს - ნუ გადაუყრიან წყალში განხორციელებულ ინვესტიციებს.