კომერციული ბანკებისთვის დაწესებული ახალი რეგულაციები, რომელიც ძალაში დღეიდან შევიდა, სწრაფ და ონლაინ სესხებზეც გავრცელდება, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ „ფეისბუქის“ მომხმარებლების მიერ დასმული კითხვების პასუხისას განაცხადა.
ფინანსთა მინისტრის თქმით, ჭარბვალიანობის საწინააღმდეგო თამაშის ახალი წესები ყველა ფინანსურ სექტორზე გავრცელდება. ბახტაძის თქმით, ამ პრობლემის წარმოშობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ, ფინანსური სექტორისთვის ერთიანი რეგულაციების არქონა იყო.
„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ საერთო თამაშის წესებზე, ამაში იგულისხმება მთელი ფინანსური სექტორი, ვინაიდან პრობლემის მნიშვნელოვანი მიზეზი სწორედ ასიმეტრიული რეგულაციები იყო, ფინანსური სექტორის სხვადასხვა წარმომადგენლებს შორის. საბანკო სექტორს ჰქონდა თავისი რეგულაცია, არასაბანკო სექტორს, მიკროსაფონანსო ორგანიზაციებს თავისი, ონლაინსესხებზე სხვა რეგულაციები ვრცელდებოდა და საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი არ იყო ერთიან რეგულაციაში მოქცეული და ეს რა თქმა უნდა, იქცა გარკვეულწილად პრობლემის ერთ-ერთ წყაროდ. აქედან გამომდინარე, ის თამაშის წერსები, რომლებზეც მე ვსაუბრობ, შეეხება ყველას, მათ შორის, რა თქმა უნდა, სწრაფი და ონლაინ სესხების წარმომადგენლებსაც, ვინაიდან სწორედ ამ მიმართულების მიერ შექმნილმა ასეთი ტიპის მომსახურებებმა შექმნა უპირველეს ყოვლისა ის ჭარბვალიანობის პრობლემა საქართველოში, რომელსაც დღეს ჩვენ ვხედავთ“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეიდან კომერციული ბანკებისთვის ეროვნული ბანკის ახალი რეგულაციები ამოქმედდა. კერძოდ, ეროვნული ბანკის ახალი რეგულაციებით, 2018 წლის 7 მაისიდან კომერციულ ბანკებს მომხმარებელთა გადამხდელუნარიანობის სრულფასოვანი ანალიზის გარეშე სესხების გაცემა ეზღუდებათ. ასეთი სესხების საერთო თანხა არ უნდა აღემატებოდეს კომერციული ბანკის საზედამხედველო კაპიტალის 25%-ს.
ამასთან, სებ-ის ინფორმაციით, მსესხებლის გადამხდელუნარიანობის სრულფასოვანი ანალიზის გარეშე უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხების საერთო თანხა არ უნდა აღემატებოდეს ბანკის საზედამხედველო კაპიტალის 15%-ს და სესხის გაცემისას, სესხის უზრუნველყოფის კოეფიციენტი (Loan to Value Ratio) არ უნდა იყოს 50%-ზე მეტი.