იარაღისა და ნარკოტიკული საშუალებების გარდა ინტერნეტით უკვე ყალბი დოკუმენტაციის შეძენაც არის შესაძლებელი. ამის შესახებ, „კვირის პალიტრა“ წერს.
კერძოდ, ასეთ შეტყობინებას რუსულ ენაზე სხვადასხვა ნომრიდან "ვაიბერით" არაერთი მოქალაქე იღებს, სადაც ტექსტის ავტორი მსურველებს "ტელეგრამის" საშუალებით ნარკოტიკების შეძენას სთავაზობს. აქვე მითითებულია, რომ "ისინი" ვაჭრობენ იაფი ნარკოტიკებით. შემოთავაზებულ "ასორტიმენტშია" ე. წ. სპაისები, ანაშა, ჰაშიში, მოსაწევი ხსნარები, მეფედრონი, კოკაინი და სხვ.
ამავე წერილებში მითითებულია, რომ "ისინი" ვაჭრობენ ცეცხლსასროლი იარაღითაც ლიცენზიის გარეშე და სურვილის შემთხვევაში შეუძლიათ „კლიენტს“ ავტომატი, პისტოლეტი, საბრძოლო შაშხანა, რევოლვერი და კიდევ რამდენიმე სახეობისა და მარკის ცეცხლსასროლი იარაღი მიჰყიდონ.
აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში ამ ფორმით მოქალაქეებს უკვე ყალბი დოკუმენტაციის შეძენასაც სთავაზობენ. „მათ შორის ყალბი პასპორტის, მართვის მოწმობის, დიპლომის, ატესტატისა და სამხედრო ბილეთის დამზადების შესახებ. როგორც ჩანს, შავი ონლაინბაზარი შესაძლებლობებს აფართოებს,“-წერს გამოცემა.