არქიტექტურულ-სამშენებლო სფეროსთან დაკავშირებულ საკითხებზე პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის ფარგლებში სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო შეიქმნა.
საბჭოს შექმნის გადაწყვეტილება კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე მიიღო.
„არსებობს ძალიან ვრცელი სივრცე იმ საკითხებზე, სადაც კონსულტაციების გაგრძელება არის მნიშვნელოვანი. საბჭოს ფარგლებში უნდა გაგრძელდეს დიალოგი. ყველანი ვთანხმდებით, რომ მშენებლობის სფერო არის ის სფერო, სადაც გვაქვს ეკონომიკური განვითარებისა და წინსვლის შესაძლებობა, მაგრამ ამავე დროს გვაქვს ძალიან დიდი გამოწვევები. ერთ-ერთი გამოსავალი არსებულ სიტუაციაში არის ყველა მხარის ჩართვა, რათა ოპტიმალური გადაწყვეტილებები მივიღოთ“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ.
ცნობისთვის, პარლამენტში განხილვის პროცესშია „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო კოდექსი“. კოდექსის პროექტი მთავრობამ მოამზადა და ის პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო.