უშუქო სოფლების ელექტრიფიცირება 2015 წლის ბოლოს დასრულდება

მცხეთა-მთიანეთის რეგიონის სოფელ ბევრეთის მოსახლეობას, პირველად, დღეიდან ელექტროენერგია მიეწოდება.

სოფელს, რომელსაც ელექტროენერგია არასოდეს ჰქონია, დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი სტუმრობდა.

პრემიერის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილმა ზაურ ახვლედიანის ოჯახში სიმბოლურად, ელექტრონათურა თავად აანთო.

როგორც მთავრობის მეთაურმა სოფლის მოსახლეობასთან საუბრისას განაცხადა, უახლოეს მომავალში საქართველოში აღარ იარსებებს დასახლებული პუნქტი, რომელსაც ელექტროენერგია არ მიეწოდება.

სოფელ ბევრეთის ელექტრიფიცირება სამთავრობო პროექტის - "სინათლე ყველა სოფელს" ფარგლებში განხორციელდა. ბევრეთში 52 ოჯახი ცხოვრობს, რომლებსაც ელექტროენერგია არასოდეს მიეწოდებოდათ. ელექტროენერგია მიეწოდება ასევე სოფელში მდებარე წმინდა თეკლას სახელობის დედათა მონასტერს. აშენდა 6 კმ სიგრძის 10 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზი, დამონტაჟდა 10/0.4კვ სატრანსფორმატორო პუნქტი. აშენდა 2,8 კმ სიგრძის გამანაწილებელი ქსელი და განხორციელდა ინდივიდუალური გამრიცხველიანება. სამუშაოებზე, რომელიც კომპანია "ენერგო-პრო ჯორჯიამ" შეასრულა, 233 000 ლარი დაიხარჯა.

როგორც ენერგეტიკის მინისტრმა, კახა კალაძემ პრემიერს განუმარტა, 2013 წლის მდგომარეობით, საქართველოს მასშტაბით, 28 უშუქო სოფელი არსებობდა, რომელთაგან რვას ელექტროენერგია უკვე მიეწოდება. უშუქო სოფლების ელექტრიფიცირება 2015 წლის ბოლოს დასრულდება.