რა იცვლება სახანძრო უსაფრთხოებას დაქვემდებარებული ობიექტების მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში

სახელმწიფო სახანძრო უსაფრთხოებას დაქვემდებარებული ობიექტების მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში სავალდებულო ხდება სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების შესრულების შესახებ დასკვნის არსებობა.

“ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ კანონს ემატება მუხლი, რომლის მიხედვით, სახელმწიფო სახანძრო უსაფრთხოებას დაქვემდებარებული ობიექტების მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში, სავალდებულოა სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების შესრულების შესახებ დასკვნა, რომელსაც მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს მიმართვის საფუძველზე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური გასცემს.

აღნიშნულს პარლამენტში წარდგენილი საკანონმდებლო პაკეტი ითვალისწინებს, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიზანი სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში პასუხისმგებლობის გამკაცრებაა.

ამასთან, როგორც პროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, შენობა-ნაგებობაში სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემა ფასიანი მომსახურება იქნება, თუმცა აღნიშნული შემოსავლების წინასწარ დათვლა შეუძლებელია.

“სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ ახალი კანონპროექტის გათვალისწინებით, რომელიც მთავრობის ინიციტიავით პარლამენტის ბიუროს დღეს წარედგინა, სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობას დაქვემდებარებული ობიექტების ნუსხა იზრდება. სახანძრო ზედამხედველობას მიკუთვნებულ ობიექტთა შორის განისაზღვრება: საკლუბო და გასართობ-დასასვენებელი ცენტრები, სასტუმროები, ტურისტული ბაზები, სანატორიუმები, დასასვენებელი სახლები, კემპინგებისა და საზოგადოებრივი კვების (რესტორანი) შენობა-ნაგებობები, მიუხედავად მათი ფართობისა და შენობებში მყოფ ადამიანთა რაოდენობისა.

საკანონმდებლო პაკეტი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა მოამზადა.