საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ერთდღიანი სამუშაო ვიზიტით ირანის ისლამურ რესპუბლიკას ეწვია.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, გაიმართა შეხვედრები ირანის საგარეო საქმეთა მინისტრთან მოჰამად ჯავად ზარიფთან, ეკონომიკურ საქმეთა და ფინანსთა მინისტრთან მასუდ კარბასიანთან, გზებისა და ურბანული განვითარების მინისტრთან აბას ახუდისთან და ირანის ნავთობის მინისტრთან ბიჟან ნამდარ ზანგესთან.
შეხვედრებზე განხილული იყო ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების საკითხები, ენერგეტიკის მიმართულება, ასევე რეგიონულ პროექტებში თანამშრომლობის განვითარების საკითხები. როგორც სამინისტროში აღნიშნავენ, ამდენად, მრავალმხრივი ეკონომიკური მიმართულებით თანამშრომლობა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოსა და ირანის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითრებაში.
მსგავსი ფორმატი ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის განვითრების საკითხების განხილვის წარმოადგენს ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათშორისო კომისია, რომლის ორიგი სხდომის გამართვაზე ვიზიტის ფარგლებში მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ კომისიის მორიგი სხდომა 2018 წლის მეორე ნახევარში ირანში გაიმართება.
ირანის ეკონომიკურ საქმეთა და ფინანსთა მინისტრ მასუდ კარბასიანთან შეხვედრისას, დადებითად შეფასდა ორმხრივი ვაჭრობის განვითარების საკითხი. სტატისტიკის თანახმად, 2017 წლის მონაცემებით, სავაჭრო ბრუნვამ საქართველოსა და ირანს შორის შეადგინა 181 მლნ აშშ დოლარი, რაც წინა წელთან შედარებით 38%-იანი ზრდაა, ხოლო ექსპორტმა შეადგინა 76 მლნ აშშ დოლარი, რაც წინა წელთან შედარებით 64 პროცენტით მეტია. ასევე აღინიშნა, რომ ზრდადი ტენდენციაა შენარჩუნებული 2018 წლის პირველ კვარტალშიც - სავაჭრო ბრუნვისა და ექსპორტის ზრდამ, შესაბამისად, 34 პროცენტი და 28 პროცენტი შეადგინა.
ამავე დროს, შეხვედრაზე მხარეებმა ცალსახად გაუსვეს ხაზი, რომ სავაჭრო ბრუნვის ზრდის მიუხედავად, არსებული მონაცემები ორივე ქვეყნის საექსპორტო პოტენციალს არ ასახავს. ქართულმა მხარემ აღნიშნა, რომ საქართველოს შეუძლია ირანის ბაზარზე განათვსოს ისეთ პროდუქცია, რომლის დიდი რაოდენობით იმპორტს ახორციელებს ირანი მსოფლიოს სხვადასხვა ბაზრებიდან. ისეთების, როგორიცაა მინერალური წყლები, ხილ-ბოსტნეულის წვენები და კონსერვები, ჩაი, უალკოჰოლო გაზიანი სასმელები, ტექსტილის ნაწარმი.
შეხვედრაზე ასევე ყურადღება გამახვილდა თანამშრომლობის გაღრმავებაზე საქართველოსა და ირანის საბაჟო სამსახურებს შორის, რომელიც ორმხრივ სავაჭრო ბრუნვის ზრდას ხელს შეუწყობს.
ყველა შეხვედრის ერთ-ერთი ცენტრალური საკითხი იყო საქართველოსა და ირანს შორის თანამშრომლობა სატრანსპორტო კორიდორების განვითარებაზე. აღნიშნული კოოპერაცია რეგიონული იქნება და ის შეეხება მეზობელ სახელმწიფოებსაც. ასე მაგალითად, დასასრულს უახლოვდება სარკინიგზო გადასასვლელის მშენებლობა, რომელიც აზერბაიჯანს და ირანს შორის მიმდინარეობს და მისი ამოქმედება ხელს შეუწყობს სამხრეთ კავკასიურ დერეფანში დამატებითი ტვირთების მოზიდვას.
აღინიშნა, რომ ახალი სატრანსპორტო კორიდორების განვითარება არა მხოლოდ გაზრდის ტვირთნაკადს საქართველოსა და ირანს შორის, არამედ ხელს შეუწყობს რეგიონული ეკონომიკების განვითარებას, შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს და გაზრდის აღნიშნული მარშრუტების ცნობადობას მსოფლიო გადაზიდვებში.
ირანის გზებისა და ურბანული განვითარების მინისტრთან აბას ახუდისთან შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მის უწყებაში შეიქმნა სპეციალური პოზიცია სატრანსპორტო დერეფნების განვითარების მიმართულებით. ირანის მინისტრმა ასევე შესთავაზა ქართულ მხარეს ირანის პორტებში როგორც სპარსეთის ყურეში, ასევე კასპიის ზღვაზე სპეციალური ლოგისტიკური ცენტრების ჩამოყალიბება-განვითარება. თავის მხრივ, ასევე ითქვა, რომ მხარეები ხელს შეუწყობენ ტვირთბრუნვის ზრდას ირანს, საქართველოსა და შავი ზღვის რეგიონის სახელმწიფოებს შორის.
ვიზიტის ფარგლებში ასევე გაიმართა ერთობლივი ქართულ-ირანული საავტომობილო ტრანსპორტის კომისიის სხდომა. სხდომაზე გადაწყდა, რომ ქართველ გადამზიდავებს ირანის ნებისმიერ პორტში შესვლისა და ტვირთვის აღების უფლება ექნებათ.
შეთანხმება ასევე ითვალისწინებს ქართული მანქანებისთვის ირანში შეძენილ საწვავზე 70 პროცენტიან ფასდაკლებას, რაც გაზრდის ქართველი გადამზიდავების კონკურენტუნარიანობას ირანის ბაზარზე.
კიდევ ერთი საკითხი, რომელიც საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის დიმიტრი ქუმსიშვილის ვიზიტის დროს იქნა განხილული, შავი ზღვის სანაპიროზე ირანული ინვესტიციით პეტროქიმიური მრეწველობის განვითარება იყო. ირანის ნავთობის მინისტრთან შეხვედრისას, ქართულმა მხარემ ისაუბრა საქართველოს სტრატეგიულ მდებარეობაზე, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებზე და იმ შესაძლებლობებზე, რომელთაც აღნიშნული გარემოებები იძლევა, რითაც ირანული მხარე დაინტერესდა.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ მოჰამად ჯავად ზარიფთან შეხვედრისას ხაზი გაესვა საქართველოსა და ირანს შორის გაზრდილ ტურისტულ მაჩვენებელს, რასაც ხელი შეუწყო ორ ქვეყანს შორის 2015 წელს სავიზო რეჟიმის გაუქმებამ. 2017 წელს ირანიდან საქართველოში ვიზიტორების რაოდენობა 118 პროცენტით გაიზარდა, მხოლოდ 2018 წლის პირველ კვარტალში საქართველოში ირანიდან 91,000-ზე მეტი ვიზიტორი შემოვიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 64 პროცენტით მეტია.