„რეზონანსი": ტაქსის ლიცეზია 1-წლიანი იქნება და, მინიმუმ, 50 ლარი ეღირება

ტაქსით გადაყვანის ნებართვის მისაღებად მძღოლებს, სავარაუდოდ, 50-დან 100 ლარამდე თანხის გადახდა მოუწევთ.

მართალია, მერიაში ნებართვის პირობებზე ოფიციალურად ჯერჯერობით არაფერი თქმულა, თუმცა სპეციალისტები ირწმუნებიან, რომ ე. წ. „ფურცლების საფასური“ 100 ლარამდეც შეიძლება იყოს. რაც შეეხება ლიცენზიის ვადას, მის შესახებაც ჯერჯერობით საუბარი ვარაუდის დონეზეა შესაძლებელი. დიდი ალბათობით, გადასახადი იქნება ყოველწლიური და არა ერთჯერადი.

ტრანსპორტის სფეროს წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ ცვლილება სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის საზოგადოებრივ ტრანსპორტს, რომელიც ქვეყანაში ელემენტარულ დონეზეც კი არ არის განვითარებული. მოსალოდნელია, რომ ტაქსით მგზავრობის საფასურიც გაორმაგდეს და მოთხოვნა საგრძნობლად შემცირდება.

ცნობილია, რომ ტაქსით გადაყვანის ნებართვის პირობებს, მისი გაცემის ფასსა და გადახდის წესს დაამტკიცებს დედაქალაქის საკრებულო.

საკრებულოში მოსალოდნელ რეგულაციაზე ჯერჯერობით არ საუბრობენ. სატრანსპორტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე თედო ისაკაძე ამბობს, რომ დეტალები "ოპტიმალურ ვადაში" დაზუსტდება.

„გარკვეული კონტურები გამოიკვეთა. სხვადასხვა მექანიზმია შესამუშავებელი, რაზეც აქტიურად ვმუშაობთ. სპეციალისტებს აქვთ საკუთარი არგუმენტები, რაზეც კომენტარს ნამდვილად ვერ გამოვთქვამ. ნებისმიერ ასეთ საკითხს სიფრთხილით უნდა მივუდგეთ.

ზოგადად, ტაქსების რეგულაციის ვარიანტი იმდენია, რამდენი ქალაქიც არსებობს. ჩვენ ვცდილობთ, საუკეთესო მოდელი შევთავაზოთ მოსახლეობას, რათა მგზავრობა უფრო კომფორტული გახდეს. არ ვფიქრობ, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტს ამით პრობლემა შეექმნება, პირიქით, კიდევ უფრო დარეგულირდება. ყოველ შემთხვევაში, ჩვენთან არ იქნება ის სიტუაცია, რომ მგზავრი ქუჩაში ხელის დაქნევით აჩერებდეს ტაქსს. ასე არსად, არც ერთ ცივილურ ქვეყანაში არ ხდება, ამისთვის სპეციალური ადგილები გამოიყოფა.

ჯერჯერობით მხოლოდ ვარაუდებია, კონკრეტული თარიღი ოპტიმალურ ვადაში დადგინდება. მძღოლებსაც მიეცემათ გონივრული ვადა, რომ ახალ რეალობას მოერგონ და რეგულაციისთვის მზად აღმოჩნდნენ“, - განუცხადა „ბიზნეს-რეზონანსს“ თედო ისაკაძემ.

რეგულაციასთან დაკავშირებით სპეციალისტებს განსხვავებული მოსაზრება აქვთ. ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ხელმძღვანელი დავით მესხიშვილი ვარაუდობს, რომ ტაქსის მძღოლებს ყოველწლიური გადასახადი დაუწესდებათ, რაც მომსახურების სერვისს საგრძნობლად გააძვირებს.

„მერია ნებართვის პირობებთან დაკავშირებულ დეტალებს არ ასაჯაროებს, რაც ძალიან დიდ ეჭვს აღძრავს. კანონს ისე იღებენ, რომ კონკრეტული ვადა და თარიღი უცნობია. ისიც კი არ აქვთ განსაზღვრული, ნებართვა დაერქმევა თუ ლიცენზია.

რაც შეეხება გადასახადს, მერიაში ამბობენ, რომ ეს იქნება დოკუმენტის, ანუ „ფურცლის საფასური“, რაც ტაქსის მძღოლს ალბათ 50-დან 100 ლარამდე დაუჯდება. პირველ ეტაპზე შეიძლება თქვან, რომ ეს ერთჯერადი გადასახადია, მაგრამ ასე ნამდვილად არ იქნება. დიდი ალბათობით, სალიცენზიო ნებართვის ტარიფი ყოველწლიურად გაიზრდება.

დღეს არსებული იაფი ტაქსი, რომლითაც შეგვიძლია 3-4 ლარად ვიმგზავროთ, თბილისის მერიას სინამდვილეში ეხმარება, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრობლემა მწვავედ არ გამოჩნდეს. იმ მოთხოვნის შემდეგ, რაც შეიძლება ტაქსებს დაუწესდეთ, იგი აუცილებლად გაძვირდება და ამ შემთხვევაში მგზავრთა ნაკადი გაეზრდება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, რომელიც ისედაც არასაკმარისია. მერე უკვე მუნიციპალური ავტობუსების მგზავრობის გადასახადის ზრდის საკითხი დადგება დღის წესრიგში“, - აცხადებს მესხიშვილი და დასძენს, რომ ლიცენზიის აღების ეტაპები არასწორად განისაზღვრა, რაც სამომავლოდ მძღოლებს სერიოზულ პრობლემას შეუქმნის.

„ვფიქრობ, პროცესი არასწორადაა დაგეგმილი, პირველ რიგში, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებაზე უნდა ეზრუნათ. მხოლოდ ამის შემდეგ იყო შესაძლებელი რეგულაციის შემოღებაზე გადაწყვეტილების მიღება. კონკრეტული გეგმა არ გამოუქვეყნებიათ, ისიც უცნობია, ამ ერთჯერადი ლიცენზიისთვის რა ფულს იხდიან მძღოლები.

პირველი ეტაპის გარდა, უცნობია, რას მოიცავს დანარჩენი ეტაპები და რა მოთხოვნის დაკმაყოფილება მოუწევთ მძღოლებს. ადამიანმა, რომელიც ამ საქმიანობით ოჯახს არჩენს და შრომობს, უნდა წინასწარ გათვალოს კიდეც, 1 წლის შემდეგ მოუნდება თუ არა თავისი საქმიანობის გაგრძელება.

ცნობილია მხოლოდ ის, რომ ლიცენზია ეღირება თანხა, რომლის გადახდის ვალდებულებაც ექნებათ. ნარმანიას დროს მუშაობდნენ ამ საკითხზე, ახლა ამჯერად არაფერი თქმულა, საუბარი იყო ტექნიკურ გამართულობაზე, მაგრამ ეს ისედაც ყველა სატრანსპორტო საშუალებას უწევს. სანიტარულ-ჰიგიენურ მდგომარეობაზეც იყო აქცენტები, მაგრამ ესეც ბუნდოვანია.

განვითარებულ ქვეყნებში ტაქსის ლიცენზია ძვირია. ჩვენთან ჯერ სიმართლეს მალავენ და არ ამბობენ, რომ ცვლილება სინამდვილეში ბიუჯეტის ზრდას ემსახურება. ძალიან არასერიოზული დამოკიდებულებაა“, - აცხადებს დავით მესხიშვილი.

საგულისხმოა, რომ პირველ ჯერზე ტაქსებზე რეგულაცია მხოლოდ თბილისში შემოვა. საჭირო ნებართვების ჩამონათვალს ემატება საქართველოს დედაქალაქში მსუბუქი ავტომობილით – ტაქსით მგზავრთა გადაყვანის ნებართვა და შესაბამისი მუხლებით განისაზღვრება მისი გაცემის წესი.

მარი ჩიტაია

გაზეთი „რეზონანსი“