საქართველოში ელექტროავტობუსების წარმოებისთვის, დაახლოებით 30-40 მილიონი ლარის ოდენობის ინვესტიციის განხორციელება იგეგმება. ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ კომპანია „ფრეგობასის“ დირექტორმა მურმან პატარაიამ განუცხადა.
მისივე თქმით, დეტალური ინფორმაცია იმის შესახებ თუ როდის დაიწყება ელექტროავტობუსების მწარმოებელი ქარხნის მშენებლობა საქართველოში, კონკრეტულად რა ადგილას აშენდება და როდის გვექნება უკვე 1-ლი ადგილობრივი წარმოების ელექტროავტობუსი, მიმდინარე თვეში გახდება ცნობილი.
შეგახსენებთ, რომ ქარხნის ასაშენებლად 4 ლოკაციაა შერჩეული, აქედან ერთი თბილისის, ორი - რუსთავის, ხოლო ერთი გარდაბნის ტერიტორიაზე და კონკრეტული ლოკაციის შესარჩევად კვლევა მიმდინარეობს, თუმცა, როგორც რამდენიმე კვირის წინ პატარაიამ “ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადა, დიდი ალბათობით, ქარხანა რუსთავში აშენდება.
ცნობისთვის, ელექტროავტობუსების წარმოებისთვის „ფრეგობასმა“ ჩინურ კორპორაცია ZTE Corporation-სთან და გერმანულ EURABUS-თან ერთად კონსორციუმი შექმნა და მემორანდუმსაც მოაწერა ხელი. აღსანიშნავია, რომ საქართველოში წარმოებული ელექტროავტობუსები ევროკავშირში გავა, რასაც გერმანული კომპანია EURABUS-ი უზრუნველყოფს.
ამასთან, არსებული ინფორმაციით, საქართველოში ელექტროავტობუსების მწარმოებელ ქარხანაში, სადაც 200-მდე ადამიანი დასაქმდება, თვეში 200-300 ავტობუსის წარმოება იქნება შესაძლებელი. მანამდე კი, კომპანია „ფრეგობასმა“ ზუსტად ისეთი ელექტროავტობუსი ჩამოიყვანა თბილისში, რომელთა წარმოებაც ამ ქარხანაში მოხდება.
აღნიშნული ელექტროავტობუსი, რომლის პრეზენტაციაც დღეს იმართება, 61 ნომერი ავტობუსის ხაზზე იმოძრავებს და მოსახლეობას მოემსახურება.