ლიტვური ენის სახელმწიფო კომისიამ 2018 წლის 3 მაისს მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება და ამიერიდან ლიტვურ ენაში საქართველოს ოფიციალური დასახელება არის Sakartvelo, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.
მათივე ცნობით, ლიტვის რესპუბლიკამ ეს საჩუქარი საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლის იუბილეს მიუძღვნა.
„ახალი დასახელების აღმნიშვნელი სიმბოლიკა ამიერიდან ოფიციალურად დაამშვენებს საქართველოს საელჩოს ვილნიუსში. 7 მაისს, ლიტვაში საქართველოს საელჩოს შენობაზე გაიხსნა სანიშნე დაფა ახალი დასახელებით Sakartvelo Ambasada (საქართველოს საელჩო). გახსნის ცერემონია ქართული მრავალხმიანი სიმღერით დაამშვენა ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრთან არსებულმა სოლისტების ანსამბლმა „სულიკომ“. ცერემონიაში ასევე მონაწილეობას იღებდნენ ლიტვის უნივერსიტეტების ქართველი სტუდენტები. გახსნის ცერემონია ფართოდ გაშუქდა ლიტვის მედია სივრცეში, ასევე შედგა საქართველოს ელჩის ხათუნა სალუქვაძის ინტერვიუ ლიტვის საზოგადოებრივ მაუწყებელთან“, - აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.