ჩინური კომპანიები საქართველოში ინფრასტრუქტურული პროექტებით დაინტერესდნენ

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი ჩინური კომპანია Harbin Electric Group-ის ვიცე-პრეზიდენტსა და China Harbour Engeneering-ის წარმომადგენლებს შეხვდა.ჩინელი ინვესტორები თბილისში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მოწვევით იმყოფებიან. კომპანიები საქართველოში მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებით არიან დაინტერესებული. საუბარი შეეხო ჰესებისა და პორტის მშენებლობას, ასევე,  კომპანია Harbin Electric Corporation-მა ინტერესი გამოთქვა მყარი ნარჩენების გადამუშავების პროექტით და მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებში თანამონაწილეობის კუთხით ჩართვაზე.

Harbin Electric Corporation ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა, რომელიც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასა და საზღვარგარეთ ელექტროსადგურების აღჭურვილობებს აწარმოებს და ყიდის. კომპანიის წლიური შემოსავალი 3,36 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.

რაც შეეხება კომპანია, China Harbour Engeneering-ს, ის 1980 წელს დაარსებული კომპანია China Communications Construction-ის ფილიალს წარმოადგენს. კომპანიას მსოფლიოს 80 ქვეყნის მასშტაბით 60- ზე მეტი ფილიალი გააჩნია. კომპანია ძირითადად ტრანსპორტის მიმართულებებზე, გრუნტის ამოღებასა და გზებისა და ხიდების მშენებლობაზე მუშაობს.

ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში ჩინელი ინვესტორები შეხვედრებს გამართავენ ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროებში. ასევე, შეხვდებიან საპარტნიორო და თანაინვესტირების ფონდების ხელმძღვანელებს.