ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტთან ვისაუბრეთ იმ პროექტების შესახებ, რომელიც საშუალებას მოგვცემს ჩვენს ეკონომიკაში კიდევ უფრო გაიზარდოს ბანკის ინვესტიციები, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ EBRD-ის პრეზიდენტთან სუმა ჩაკრაბარტისთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრა იორდანიაში, ქ. ამანში შედგა, სადაც ფინანსთა მინისტრი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ყოველწლიურ შეხვედრაში (Annual Meetings) მონაწილეობს.
„ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან საქართველოს ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია. ბანკს დაახლოებით, 3 მილიარდი ევროს ინვესტიცია აქვს მოზიდული საქართველოში. გასული წელი იყო განსაკუთრებული, როდესაც EBRD-ის მხრიდან ისტორიული მაქსიმუმის ინვესტიცია განახორციელდა ჩვენს ქვეყანაში. შეხვედრაზე ვისაუბრეთ იმ პროექტების შესახებ, რომელსაც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი აპირებს დააფინანსოს უახლოეს მომავალში. მინდა აღვნიშნო რამდენიმე მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელზედაც ჩვენ ერთობლივად ვმუშაობთ. პირველი - ესაა ახალი კანონმდებლობა, რომელიც ითვალისწინებს საქართველოში ფაქტორინგის და ლიზინგის ბაზრის განვითარებას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რათა ქართულმა ბიზნესმა მიიღოს წვდომა ახალი ტიპის დაფინანსებაზე, რომელიც მორგებული იქნება მათ მოთხოვნაზე და მეორე - ეს გახლავთ საჯარო-კერძო თანამშრომლობის სამართლებრივი ჩარჩო, სადაც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი ძალიან აქტიურად მონაწილეობს. გარდა ამისა, ვისაუბრეთ იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომელსაც ბანკი განახორციელებს მომავალ წელს. საუბარი ასევე შეეხო ახალი განვითარების სტრატეგიას, რომელიც ბანკმა 2019 წელს უნდა დაამტკიცოს,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ.