ნავთობის ფასი ტრამპის გადაწყვეტილებას ელის

დღეს, თბილისის დროით 22:00-ზე, შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გადაწყვეტს, დარჩება აშშ ირანთან 2015 წელს გაფორმებულ ბირთვულ შეთანხმებაში, თუ დატოვებს მას და ამ ქვეყნის წინააღმდეგ ახალ სანქციებს შემოიღებს.

ეს გარემოება კი ნავთობის ფასის რყევებს იწვევს, რადგან ირანი ნავთობის მსხვილი მომპოვებელი და ექსპორტიორია და ბაზრიდან მისი გასვლა, ამ რესურსზე დეფიციტს შექმნის.

ტრამპის გამოსვლის მოლოდინში, ამერიკული დასავლეთ ტექსასური საშუალოს (WTI) მარკის ნავთობის (ბარელის) ფასი დაახლოებით 1.1 პროცენტით, 69.98 დოლარამდე შემცირდა. არადა, ორშაბათს ფასი 70-დოლარიან ნიშნულს ასცდა, რაც 2014 წლის შემდეგ პირველად მოხდა. ორშაბათს WTI მარკის ბარელის ფასი 70.84 დოლარამდე ავიდა.

0.9 პროცენტით, 75.52 დოლარამდე დაიკლო ბრენტ მარკის ბარელი ნავთობის ფასმა, რომელიც წინა სავაჭრო სესიის ბოლოს, 76.34 დოლარამდე იყო გაძვირებული. ესეც 2014 წლის ნოემბრის შემდეგ უმაღლესი ფასია. ორივე მარკის ფასის კლება მას შემდეგ დაიწყო, რაც ტრამპმა „ტვიტერზე“ დაწერა, რომ ირანთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას დღეს გამოაცხადებს.

თუ აშშ ბირთვული შეთანხმებიდან გავა, ეს იმის მომასწავებელი იქნება, რომ შტატები ირანის წინააღმდეგ ახალ სანქციებს აამოქმედებს, რაც აუცილებლად შეეხება ირანის ნავთობის ექსპორტს. ეს კი გლობალურ ბაზარზე მიწოდებას შეამცირებს, რასაც ფასის გაძვირება მოჰყვება. ირანი ნავთობის გლობალურ ბაზარზე 2016 წლის იანვარში დაბრუნდა მას შემდეგ, რაც მის წინაღმდეგ საერთაშორისო სანქციები შეჩერდა. ეს კი ბირთვულ შეთანხმებას მოჰყვა.