"რკინაბეტონის შპალის ქარხნის" სამი ახალი პროექტის პრეზენტაცია გაიმართა

სასტუმრო "ჰოლიდეი ინნ"-ში "რკინაბეტონის შპალის ქარხნის" სამი ახალი პროექტის პრეზენტაცია გაიმართა.

როგორც "რკინაბეტონის შპალის ქარხნის" დირექტორმა, ილია შიხაშვილმა განაცხადა, რამდენიმე კვირის წინ კომპანია "მიქსორს" და მის შვილობილ კომპანია "რკინაბეტონის შპალის ქარხანას" ყადაღები მოეხსნა, რამაც საშუალება მისცა კომპანიას, რომ სრული ტემპით ემუშავა.

"ეს პროექტები არის საისრო გადამყვანებისთვის განკუთვნილი რკინა-ბეტონის ბრუსების წარმოება, დაბალბრუსიანი მრუდებისთვის განკუთვნილი სპეციფიკური შპალების წარმოება და R-50 ტიპის რელსისთვის განკუთვნილი რკინა-ბეტონის შპალების წარმოება", - განაცხადა ილია შიხაშვილმა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ არა მარტო საქართველოში, არამედ რეგიონში ანალოგიური პროდუქცია არ იწარმოება. როგორც შიხაშვილმა აღნიშნა, ინვესტიციის ღირებულება რამდენიმე მილიონ ევროს შეადგენს.

"ეს არის პირველი მსგავსი პროექტი და შესაბამისად, ჩვენი პროექტი ორიენტირებულია არა მხოლოდ ადგილობრივი მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე, არამედ ძირითადად ორიენტირებულია ექსპორტზე მეზობელ ქვეყნებში. ინვესტიციის ღირებულება რამდენიმე მილიონ ევროს შეადგენს. შეიძლება უფრო უპრიანიც ყოფილიყო ამ პროექტის მეზობელ ქვეყანაში გაკეთება, ვინაიდან იქ ბაზარი გაცილებით დიდია, მაგრამ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ პროექტი გაგვეკეთებინა საქართველოში და შემდეგ პროდუქციის ექსპორტი მოგვეხდინა", - განაცხადა ილია შიხაშვილმა.

მისივე თქმით, პირველი ორი პროექტის წარმოება ზაფხულის ბოლოს აგვისტო-სექტემბრისთვის დაიწყება, ხოლო მესამე პროექტი წლის ბოლოსთვის იქნება უკვე დასრულებული.