შსს-ს წარმომადგენელი - კიბერდამნაშავეები კრიპტოვალუტებს აქტიურად იყენებენ, როგორც გამოძალვის საშუალებას

"კრიპტოვალუტის მხრივ მთლად სახარბიელო მდგომარეობა არ არის", - ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე,შს სამინისტროს კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს წარმომადგენელმა ივანე კაციტაძემ გააკეთა.

კაციტაძის თქმით, კიბერსამყაროში კრიპტოვალუტის პრობლემა არსებობს.

“კიბერდამნაშავეებიც კრიპტოვალუტებს აქტიურად იყენებენ, როგორც გამოძალვის საშუალებას. კრიპტოვალუტის მხრივ, მთლად სახარბიელო მდგომარეობა არ არის. კრიპტოვალუტა ერთი ვალუტა არ არის, არის მრავალი და ძირითად შემთხვევაში, კროპტპოვალუტები არის ანონიმური. საკმაოდ რთულია კონკრეტული კრიპტოსაფულის ინდენტიფიცირება, თუმცა არის ძვრებიც. უცხოელი კოლეგების დახმარებით რეალურ ნაბიჯებს ვდგამთ“, - განაცხადა კაციტაძემ საკომიტეტო მოსმენაზე.

აღნიშნულთან დაკავშირებით კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა, რომ სმენია იმის თაობაზე, რომ “ინტერნეტსივრცეში არის ფული, რომელიც არის ინტერნეტში ნაქურდალი, მისი განაღდება ვერ ხერხდება, რასაც შემდგომ კრიპტოვალუტის შესაძენად იყენებენ“.

“რამდენად არის ჩვენთან ამის ნიშნები? სულ რამდენიმე დღის წინ თავდასხმა იყო საავიაციო სააგენტოს მიმართულებით. მოვისმინე, რომ ეს იყო ერთგვარი შანტაჟი კრიპტოვალუტასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა.

დღეს პარლამენტის თავდაცვისა და უშუშროების კომიტეტმა ქვეყანაში კიბერუსაფრთხოების მხრივ არსებული გამოწვევების და გაწეული საქმიანობის თაობაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს, თავდაცის სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებს მოუსმინა. როგორც მათი მხრიდან აღინიშნა, კიბერთავდასხმები არის მზარდი და მზარდია როგორც რაოდენობრივად, ასევე ხარისხობრივად.