საქართველოში ყოველი 20 ოჯახიდან მინიმუმ 1 კრიპტოვალუტის მოპოვებაშია ჩართული.
ტენდენცია შესაძლოა, კიდევ უფრო გაიზარდოს, რადგან მსოფლიო მასშტაბით უკონტროლო სფეროს დარეგულირება ვერც საქართველოში ხერხდება. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, ხალხის მხრიდან "მარტივი გზით" ფულის შოვნის სურვილი იმდენად დიდია, რომ ისინი დიდ რისკზე მიდიან.
საქართველოში შინამეურნეობების დაახლოებით 5% ჩართულია კრიპტოვალუტების მოპოვებაში ან მასში ინვესტირებაში. ამის შესახებ მსოფლიო ბანკის ახალ ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც კრიპტოვალუტებისა და ბლოკჩეინის საკითხებს ეხება ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში. იქვე აღნიშნულია, რომ საქართველო კრიპტოვალუტების მესამე უდიდესი მომპოვებელია.
"ევროპისა და ცენტრალური აზიის ბევრმა ქვეყანამ დაამტკიცა, რომ ნოყიერ ნიადაგს წარმოადგენს კრიპტოვალუტისა და ბლოკჩეინ ტექნოლოგიების განვითარებისთვის. საქართველოში კრიპტოვალუტის მოპოვება გასაოცრად ფართოდ არის გავრცელებული, რაც მნიშვნელოვნად განპირობებულია შეღავათებითა და ელექტროენერგიის დაბალი ფასით. დროთა განმავლობაში მთავრობისთვის მნიშვნელოვანი გახდება ფინანსური ზედამხედველობისა და მომხმარებლების უსაფრთხოების უზრუნველყოფა", - განაცხადა ჰანს ტიმერიმ.
კრიპტოვალუტების რეგულირების აუცილებლობაზე საუბრობს ორგანიზაცია "საზოგადოება და ბანკების" ხელმძღვანელი გიორგი კეპულაძე. მისი თქმით, მსოფლიო მასშტაბის უკონტროლო სფეროს რეგულაცია საქართველოში როგორც მთავრობას, ასევე ეროვნულ ბანკს გაუჭირდება.
"რამდენად მოახერხებს საქართველოს ხელისუფლება თუ ეროვნული ბანკი, რომ ეს უკონტროლო ვალუტა აკონტროლოს, არ ვიცი. ერთი, რაც შეიძლება გააკეთონ, მომხმარებლების მაქსიმალური გაფრთხილებაა. ასეთი ტიპის ინვესტირება საკმაოდ სარისკო საქმეა. შეიძლება, ვიღაცამ მოიგოს, მაგრამ ვიღაცამ ძალიან დიდი ოდენობით თანხა წააგოს. ამგვარი გაფრთხილება უკვე ჰქონდა ეროვნულ ბანკს. ყურადღებით უნდა მოეკიდონ ადამიანები თავიანთი დანაზოგის დაბანდებას საეჭვო სფეროებსა და ინვესტიციებში. ეს არის, რითაც ეროვნულ ბანკს შეუძლია, შემოიფარგლოს", - განუცხადა "რეზონანსს" კეპულაძემ და იქვე აღნიშნა, რომ საქართველოში მარტივი გზით ფულის შოვნის ინტერესი იმდენად დიდია, ადამიანები რისკზე დაუფიქრებლად მიდიან.
"სამწუხაროდ, ჩვენთვის დამახასიათებელია მარტივი გზით ფულის შოვნისკენ მიდრეკილება. არ მინდა, პირდაპირ კრიპტოვალუტებზე ვისაუბრო და როგორც პირამიდა, ისე მოვიხსენიო, თუმცა ესეც ერთ-ერთი სარისკო ბიზნესია, სადაც შეიძლება, ადამიანმა მოიგოს ან დარჩეს წაგებული. აქ გამართლება უფრო დიდ როლს თამაშობს. ვისაც სურვილი აქვს, დააბანდოს ფული ამ სფეროში, დააბანდებს კიდეც, თუმცა, წაგების შემთხვევაში, მთავრობას არ უნდა მოსთხოვოს ბიტკოინების დაბრუნება", - აღიშნა კეპულაძემ.
პირველი ქართული კრიტოვალუტის "ოქროს საწმისის" დამფუძნებელი ვახტანგ გოგოხია ციფრული ფულის მიმართულებით რეგულაციების მომხრეა.
"გარკვეული რეგულაციები ნამდვილად არის საჭირო იმისთვის, რომ ხალხი, რომელსაც აინტერესებს ეს სფერო, არ მოტყუვდეს და მიიღოს სწორი ინფორმაცია. რაც შეეხება ტექნოლოგიის განვითარების კუთხით, საჭიროა, მთავრობის მხრიდან იყოს მეტი წახალისება და არა - ხელის შეშლა. სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს კონკრეტული გეგმა და ინვესტორებს არ დაეუფლოთ იმის შიში, რომ შეიძლება, მომავალ წელს ან რამდენიმე წელში გარკვეული შეზღუდვები შემოიღონ და გახდეს არაკანონიერი და არალეგალური ეს საქმიანობა", - განუცხადა "ბიემს" გოგოხიამ.
ამ ფონზე, ეროვნული ბანკი პირობას დებს, რომ ვირტუალურ ვალუტებთან დაკავშირებით რეგულაციები აუცილებლად იქნება, უბრალოდ, ეს არის დროის საკითხი და დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ფაქტები დაგროვდება კრიპტოვალუტის გამოყენების მიმართულებით.
"საქართველოს ეროვნული ბანკი, ისევე როგორც სხვა ეროვნული ბანკები, ყურადღებით აკვირდებიან, თუ როგორ ხდება განვითარება ვირტუალურ ვალუტებთან დაკავშირებით. თუკი არსებობს რამე პრინციპი, რომლის დაცვაც მოგვეთხოვება, ჩვენ ამას ვაკეთებთ. ინვესტორები უნდა იყვნენ ფრთხილად, რადგანაც მერყეობა ახასიათებს ასეთი სახის აქტივს.
რაც შეეხება ზოგადად ვირტუალურ ვალუტებს, ვფიქრობ, მათი დარეგულირება აუცილებლად მოხდება. ეს არის დროის საკითხი, მაგრამ ამისათვის აუცილებელია, გარკვეულწილად ცოდნა და პრაქტიკა დაგროვდეს. ცენტრალური ბანკები ფიქრობენ, აგროვებენ ინფორმაციას. პრაქტიკისა და გამოცდილების გაზიარება ძალიან ადვილია და ჩვენც ვმონაწილეობთ ასეთ მუშაობაში", - განაცხადა გვენეტაძემ.
კრიპტოვალუტების სამომპოვებლო საქმიანობას მნიშვნელოვანი გავლენა აქვს ელექტროენერგიის მოხმარებაზე და საქართველოს ექსპორტიორი ქვეყნიდან ელექტროენერგიის იმპორტიორ ქვეყნად აქცევს. საქართველოს ელექტროენერგიის მოთხოვნის 10-15 პროცენტი კრიპტოვალუტის მოპოვებასთან არის დაკავშირებული. ერთ სულზე ელექტროენერგიის მოხმარება 2016 წელს საქართველოში თითქმის სამჯერ აღემატება ერთ სულზე შემოსავლის მსგავსი დონის მქონე ქვეყნებში არსებულ მაჩვენებელს.
ნათია ლომიძე
გაზეთი "რეზონანსი"