ირანი საკუთარი მარკის ნავთობის მიწოდებას იწყებს. ამერიკის მხრიდან მორიგი ახალი სანქციების დაწესების ფონზე ირანში West Karoun-ის მარკის ნავთობის საექსპორტო წარმოება დაიწყება.
როგორც „როიტერსი“ წყაროზე დაყრდნობით წერს, ირანმა უკვე გააგზავნა მისი ნავთობის ნიმუშები კლიენტებთან. აღსანიშნავია, რომ ნავთობის მოპოვება ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთში „დასავლეთ კარუნის“ საბადოზე ბოლო წლის განმავლობაში დღე-ღამეში 300 ათას ბარელამდე გაიზარდა.
„West Karoun-ის პირველი პარტიების მიწოდება მოკლევადიანი კონტრაქტების მიხედვით განხორციელდება, მაშინ როცა ნავთობის ხარისხი ჯერ ბოლომდე დადგენილი არ არის“, - აცხადებს
ერთ-ერთი წყარო. მეორე წყაროს ინფორმაციით კი West Karoun-ის მარკის ნავთობი - ეს არის ახალი პროდუქტი, ამიტომ აუცილებელია მოცდა, სანამ მისი ხარისხი დასტაბილურდება.
ცნობისათვის, 2012 წლამდე ირანი ნავთობის მიწოდებას გრძელვადიანი შეთანხმებების საფუძველზე აწარმოებდა, 2016 წლიდან კი გადავიდა მოკლევადიან კონტრაქტებზე, რათა გაემყარებინა საკუთარი პოზიციები ბაზარზე. ახალი საექსპორტო ტერმინალი საშუალებას იძლევა, West Karoun-ის მიწოდება პირდაპირი გზით მოხდეს.
კოკა კვირკველია