უკვე არსებობს ეკო-მეგობრული სახლები, რომლებიც შეგიძლიათ ნებისმიერ ადგილას წაიღოთ.
coodo წინასწარ დამზადებული და აწყობილი სახლია, რომლის ტრანსპორტირებაც შეგიძლიათ. როგორც ამბობენ, სახლის აშენებას რამდენიმე საათი სჭირდება. სახლების გადაზიდვა სატვირთო მანქანით არის შესაძლებელი. ინოვაციური სახლი ასევე გაწყობილია ავეჯით.
მობილური სახლის დადგმა შეიძლება როგორც ხმელეთზე, ასევე წყლის ზედაპირზე. სახლი მოდულებისგან შედგება, შესაბამისად, თქვენ შეგიძლიათ კონსტრუქციით ორსართულიანი სახლიც ააშენოთ. სახლს აქვს ფოლადის ჩარჩო, რომელიც მთელ კონსტრუქციას კრავს. როგორც აცხადებენ, ეკო-მეგობრული კოტეჯის შეძენა შესაძლებელია 61, 500 ფუნტად. სახლი განკუთვნილია მათთვის, ვინც მუდამ მოგზაურობს და ხშირად იცვლის საცხოვრებელს. მისი შემქმნელების თქმით, სახლში დამონტაჟებულია თანამედროვე სისტემა, შესაბამისად განათებისა და დარაბების მართვა სმარტფონის მეშვეობით შეგიძლიათ.
coodo საკმაოდ მოსახერხებელია, მისი გადატანა, გაქირავება ან თუნდაც გაყიდვაც შეგიძლიათ. coodo-ს მოდულური დიზაინი აქვს, რაც საშუალებას გაძლევთ გააფართოოთ და მას რამდენიმე მსგავსი კონსტრუქცია დაუკავშიროთ. მიუხედავად იმისა, რომ თქვენ შეიძლება ხშირად მოგიწიოთ ერთი ადგილიდან მეორე ადგილას გადასვლა, კომფორტი და სიმყუდროვე თქვენს სახლში არ ირღვევა. ულტრათანამედროვე კონსტრუქცია გერმანული კომპანიის LTG- ის მიერ არის დაპროექტებული. როგორც მისი დამფუძნებელი ამბობს, სახლის მთელი ხიბლი იმაში მდგომარეობს, რომ მისი დადგმა შეიძლება როგორც ურბანულ სივრცეში, ასევე ტყეში, მთაში, სანაპიროზე ან ნებისმიერ სხვა ადგილას.
კომპანიის თქმით, coodo დამზადებულია ისეთი მასალისგან, რომლის ადვილად გადამუშავება შესაძლებელია და ამავდროულად ის აკმაყოფილებს საერთაშორისო გარემოს სტანდარტებს. მისი გამოყენება შეიძლება არა მარტო საცხოვრებლად, არამედ ოფისად, ბიზნეს შეხვედრებისთვის და ასევე სააგარაკო სახლად. მაგალითად, შცეიცარიაში ის გამოიყენება, როგორც მოსასვენებელი ადგილი თანამშრომლებისთვის, რომლებიც აკონტროლებენ საჰაერო ნავიგაციას და ფრენების უსაფრთხოებაზე ზრუნავენ.
წყარო: PALITRANEWS.GE