თუ "სითი პარკის" წინააღმდეგ საერთაშორისო დავა იქნება, უნდა დავიქირავოთ საერთაშორისო იურისტების ჯგუფი , - ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტების კითხვას, რატომ გახდა აუცილებელი იურისტების დაქირავება "სითი პარკთან" მიმდინარე დავისთვის, როცა მერიას იურიდიული სამსახური აქვს.
ამასთან დაკავშირებით კალაძე ამბობს, რომ ოპოზიცია გაურკვევლობაშია, როცა აცხადებენ, რომ მერია თანხას არამიზნობრივად ხარჯავს.
"საუბარია საერთაშორისო დავაზე. იმ შემთხვევაში, თუ იქნება საერთაშორისო დავა, ჩვენ უნდა დავიქირავოთ საერთაშორისო იურისტების ჯგუფი. ეს, მგონი, სიახლე არ არის და ოპოზიცია რაღაც გაურკვევლობაშია",- განაცხადა კალაძემ.
როგორც ცნობილია, თბილისის მერია „სითი პარკთან“ შეწყვეტილი ხელშეკრულების გამო სამართლებრივი დავისთვის იურიდიულ მომსახურებას გამარტივებული შესყიდვის წესით შეისყიდის. აღნიშნულთან დაკავშირებით მერიამ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს უკვე მიმართა. განცხადების განხილვის ბოლო ვადა 11 მაისია. რაც შეეხება შესყიდვის სავარაუდო ღირებულებას, ის 800 ათასი ლარია.
როგორც დოკუმენტაციაშია აღნიშნული, „სითი პარკს“ მიაჩნია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობამ ხელშეკრულება უსაფუძვლოდ შეწყვიტა, რის გამოც მას უნდა აუნაზღაურდეს კომპენსაცია. კომპანიამ არაერთხელ დააფიქსირა, რომ, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით იგი საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში გეგმავს დავის წარმოებას.
„არსებული სამართლებრივი რისკების შეფასება-შემცირებისა და საერთაშორისო დონეზე თბილისის მთავრობის ინტერესების დაცვის უზრუნველყოფისთვის საჭირო მოქმედებების განხორციელება მოითხოვს სათანადო სამართლებრივ ცოდნასა და კვალიფიკაციას, მათ შორის, საერთაშორისო საინვესტიციო სამართლისა და საერთაშორისო საარბიტრაჟო ინსტიტუტებთან ურთიერთობის მიმართულებებით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აუცილებელია შესაბამისი კვალიფიკაციისა და გამოცდილების იურიდიული კომპანიისგან იურიდიული მომსახურების შესყიდვა, რომელიც უნდა მოიცავდეს შემდეგს: ხელშეკრულების შეწყვეტიდან გამომდინარე შპს „სითი პარკთან“ პოტენციური საარბიტრაჟო დავის ჭრილში სამართლებრივი რისკების შეფასება და შესაბამისი ანგარიშ(ებ)ის თბილისის მთავრობისთვის წარდგენა, საქმესთან დაკავშირებით თბილისის მთავრობისთვის სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა, თბილისის მთავრობის სახელით შპს „სითი პარკთან“ და მის წარმომადგენლებთან, მათ შორის, საერთაშორისო იურიდიულ ფირმასთან მოლაპარაკებებში მონაწილეობა და ნებისმიერი სახის კომუნიკაციის/კორესპონდენციის წარმოება, წინასააბიტრაჟო პროცესში სხვა შესაბამისი მოქმედებების განხორციელება და ა.შ.,“- ნათქვამია სატენდერო დოკუმენტაციაში.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ შესასყიდი მომსახურების პერიოდი შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 თვეა.
შეგახსენებთ, კომპანია „სითი პარკმა“ თბილისის მერიის წინააღმდეგ ბრიტანული იურიდიული კომპანია „ფრეშ ფილდი“ დაიქირავა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „სითი პარკის“ იურისტმა თამარ შუბითიძემ განუცხადა, კომპანია „ფრეშ ფილდი“ საერთაშორისო დავებთან დაკავშირებით მუშაობს. მისივე თქმით, მოლაპარაკების მიუღწევლობის შემთხვევაში, აღნიშნული კომპანია საერთაშორისო არბიტრაჟში „სითი პარკის“ წარმომადგენელი იქნება.
ცნობისთვის, თბილისის მერმა კახა კალაძემ განცხადება „სითი პარკთან“ ხელშეკრულების შეწყვეტასთან დაკავშირებით 13 მარტს გააკეთა. კომპანიას დედაქალაქის მერიამ ხელშეკრულებას 2018 წლის 10 აპირილიდან შეუწყვიტა და მის ფუნქციებს პარკირების ახალი სისტემის ჩამოყალიბებამდე თბილისის სატრანსპორტო კომპანია ასრულებს.