საქართველო საერთაშორისო ავიაინდუსტრიის რუკაზე საკუთარ ადგილს იკავებს და რეგიონში ამ დარგის ლიდერი ხდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოში თვითმფრინავების ნაწილების მწარმოებელი ქარხნის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პრემიერ-მინისტრი მიესალმა დამსწრე საზოგადოებას, მათ შორის, ისრაელის სახელმწიფოს ეკონომიკისა და ინდუსტრიის მინისტრს ელი კოენსა და ისრაელის ელჩს საქართველოში შაბთაი ცურს.
„ჩვენ წელს ვზეიმობთ საქართველოს რესპუბლიკის დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს, თანამედროვე საქართველოს 100 წლის იუბილეს. ასევე ისრაელი ზეიმობს თანამედროვე ისრაელის 70 წლის იუბილეს და ძალიან სასიხარულოა, რომ დღეს ჩვენ გვაქვს ასეთი საზეიმო დღე. ჩვენი ორი მოძმე ქვეყნის სიხარული გაერთიანდა ამ ულამაზეს პროექტში და ეს არის საქართველოში ავიაინდუსტრიის დარგის გაცოცხლების დღე. საქართველო საერთაშორისო ავიაინდუსტრიის რუკაზე საკუთარ ადგილს იკავებს და რეგიონში ამ დარგის ლიდერი ხდება. დღეს საქართველოში იხსნება სამხრეთ კავკასიაში პირველი მაღალტექნოლოგიური ქარხანა ATC, რომელიც თვითმფრინავის კომპოზიტურ ნაწილებს გამოუშვებს. ეს გახლავთ საპარტნიორო ფონდისა და ისრაელის კომპანია Elbit Systems Cyclone-ის ერთობლივი პროექტი, რომლის ჯამური ინვესტიცია 93 მილიონი დოლარია. „ელბიტ სისტემსი“ მსოფლიოში წამყვანი კომპანიაა, რომელიც ისეთ მსოფლიო გიგანტებთან თანამშრომლობს, როგორებიცაა Boeing, Bombardier და Airbus და ა.შ. მაღალტექნოლოგიური ქარხნის მშენებლობისთვის წარმოებული ხანგრძლივი კვლევის შემდეგ, Elbit Systems-ის მიერ სწორედ საქართველო შეირჩა და ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის წარმატებას და ნამდვილად საამაყოა ის ფაქტორები, რომლებმაც ეს არჩევანი განაპირობა. ეს არის - ამ დარგში უკვე არსებული გამოცდილება, ლიბერალური საგადასახადო სისტემა, მიმზიდველი საინვესტიციო გარემო, წარმოების განვითარებისთვის ხელშემწყობი პირობები, ასევე, ევროკავშირთან, რეგიონის ყველა ქვეყანასთან და ჩინეთთან თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობები და, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის გეოგრაფიული ადგილმდებარეობა“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ქარხანაში წარმოებული პროდუქციის 100% ექსპორტზე იქნება ორიენტირებული, რაც დადებითად აისახება ქვეყნის სავაჭრო ბალანსზე.
„სრული წარმადობის მასშტაბზე გასვლის შემდეგ, რაც 5 წელი გახლავთ, საწარმოს წლიური გაყიდვები 60 მილიონ დოლარს გადააჭარბებს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროდუქციის პოტენციური მყიდველები იქნებიან მსოფლიო საავიაციო ბაზრის წამყვანი კომპანიები და საქართველოში წარმოებული პროდუქცია კონკურენტუნარიანი იქნება როგორც ფასით, ისე ხარისხით“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.
მისივე თქმით, საწარმოში შეიქმნა 300 ახალი სამუშაო ადგილი და დასაქმებული თანამშრომლების 90 პროცენტზე მეტი ადგილობრივი სპეციალისტი იქნება.
„ქვეყანას ეყოლება მაღალი კვალიფიკაციის, მაღალტექნოლოგიური საწარმოო პროცესის უნარ-ჩვევების მქონე სპეციალისტები. მათ უკვე გაიარეს გადამზადების პროგრამა ისრაელში და აღსანიშნავია, რომ ისრაელის წამყვანმა სპეციალისტებმა მათ პროფესიონალიზმს ძალიან მაღალი შეფასება მისცეს. ეს არის საქართველოსა და ისრაელს შორის განხორციელებული ყვეელაზე მსხვილი ერთობლივი ინდუსტრული პროექტი, რომელიც დარწმუნებული ვარ, ქვეყნებს შორის ეკონომიკურ ურთიერთობებს ახალ ეტაპზე გადაიყვანს. მაგრამ ეს არის მხოლოდ პირველი მერცხალი. დამერწმუნეთ, ამ პროექტის შემდეგ იქნება არაერთი ერთობლივი ინდუსტრიული პროექტი“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.
მთავრობის მეთაურის განცხადებით, ისრაელი არის ქვეყანა, რომელსაც შეუძლია, მსოფლიოში ყველაზე წამყვანი ტექნოლოგიები მიაწოდოს საქართველოს.
„ჩვენ მივესალმებით ისრაელის ყველაზე მსხვილ ინვესტიციას საქართველოში. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს საპარტნიორო ფონდს, მის ხელმძღვანელ დავით საგანელიძეს, მის გუნდს, საქართველოს მთავრობის ეკონომიკური გუნდის სამინისტროებს, ასევე დავითის წინამორბედს ირაკლი კოვზანაძეს, რომლის დროსაც მოეწერა ხელი და დაიწყო ეს პროექტი. ასევე კომპანია Elbit Systems Cyclone-ს ამ უმნიშვნელოვანესი პროექტის განხორციელებისთვის და მინდა წარმატებები გისურვოთ“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.