საქართველოში თვითმფრინავების კომპოზიტური ნაწილების მწარმოებელი ქარხანა გაიხსნა საქართველოში თვითმფრინავების კომპოზიტური ნაწილების მწარმოებელი ქარხანა ATC (Aero-Structure Technologies Cyclone) გაიხსნა.
ქარხნის გახსნის ოფიციალურ ცერემონიალს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, მთავრობის, პარლამენტის, დიპლომატიური კორპუსისა და ბიზნესწრეების, ასევე, ისრაელის მთავრობის წარმომადგენლები დაესწრნენ.
ATC-ის გახსნის ოფიციალური ცერემონიალის ფარგლებში, გიორგი კვირიკაშვილმა საწარმოს მთავარი დანადგარი, ავტოკლავი აამუშავა, საზეიმო გახსნის შემდეგ კი დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.
ღონისძიებაზე ასევე სიტყვით გამოვიდნენ „საპარტნირო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე, Elbit Systems Cyclone-ის წარმომადგენელი რან კრილი და ისრაელის ელჩი საქართველოში შაბთაი ცური.
დავით საგანელიძის თქმით, საქართველო მსოფლიო ავიაბაზრის რუკაზე საკუთარ ადგილს იმკვიდრებს, რაც საერთაშორისო დონის კომპანიების მხრიდან საქართველოსადმი ნდობის გამოცხადებას და ინვესტორებისთვის სერიოზული სიგნალის გაგზავნას ნიშნავს. მისივე ინფორმაციით, საწარმოში დასაქმებულთა მინიმუმ 90% საქართველოს მოქალაქე იქნება, რომლებმაც გადამზადების პროგრამა ისრაელში გაიარეს.
„საპარტნიორო ფონდის“ ინფორმაციით, სამოქალაქო თვითმფინავების კომპოზიტური ნაწილების მწარმოებელი ქარხანა (ATC) პირველ პროდუქციას 2019 წლის დასაწყისში გამოუშვებს, მას შემდეგ, რაც სერტიფიცირებას გაივლის.
საქართველოში წარმოებული პროდუქციის მომხმარებლები მსოფლიო ავიაინდუსტრიის მსხვილი მოთამაშეები იქნებიან, ისეთები, როგორებიც არიან „ბოინგი“ „ბომბარდიერი“ „ეარბასი“ და სხვა ლიდერი კომპანიები.
ქარხანაში წარმოებული პროდუქციის 100% ექსპორტზე იქნება ორიენტირებული, სრული წარმადობის მასშტაბზე გასვლის შემდეგ (მე-5 წელი) კი, საწარმოს წლიური გაყიდვები 60 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბებს.
„საპარტნიორო ფონდისა“ და ისრაელის კომპანია Elbit Cyclone-ის ერთობლივი პროექტის საინვესტიციო ღირებულება 93 მილიონი აშშ დოლარია. კომპანიაში დღეისათვის 80-მდე თანამშრომელია დასაქმებული. ქარხნის სრულად დატვირთვის შემდეგ კი 300 ადამიანის დასაქმება იგეგმება. საწარმოში სამოქალაქო თვითმფრინავების კომპოზიტური დეტალები, მათ შორის, აეროდინამიკური ზედაპირი, კარი და სხვა ნაწილები დამზადდება.
მაღალტექნოლოგიური საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სამოქალაქო თვითმფინავების კომპოზიტური ნაწილების მწარმოებელი ქარხნის (ATC) ტექნიკური აღჭურვის პროცესი დასრულებულია. პარტნიორთა შეთანხმებით, ქარხანა თანამედროვე, უმაღლესი სტანდარტების შესაბამისი სერტიფიცირებული სამშენებლო მასალით აშენდა. საწარმოს კედლებისთვის და სახურავისთვის "საპარტნიორო ფონდის" და შპს ICES-თან ერთობლივად დააფუძნებული შვილობილი კომპანია "პანექსის" მიერ წარმოებული სენდვიჩ-პანელები გამოიყენეს.