მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს პენსია გაუორმაგდებათ, - ეს გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გაახმაურა.
„გუშინ იყო 9 მაისი, გამარჯვების დღე და გვქონდა შეხვედრა მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებთან. ძალიან ამაღელვებელი და ემოციურად დატვირთული დღე იყო. ისინი არიან ღვაწლმოსილი გმირები, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე არ დაიშურეს თავიანთი ქვეყნის გადასარჩენად და რა თქმა უნდა, იმსახურებენ განსაკუთრებულ პატივისცემას და არიან განსაკუთრებული ადამიანები, უკვე ძალიან ხანდაზმულები, არიან ძალიან მეომრული შემართებით.
გუშინ პრაქტიკულად მთელი დღე გავატარე მათთან. მთავრობის სხდომამდე მქონდა თათბირი ძირითადად ეკონომიკურ ბლოკთან და მინდა გამოვაცხადო ჩვენი მხრიდან ნაბიჯი, რომელიც გარკვეულწილად ჩვენი ქვეყნის მადლიერებას გამოხატავს ამ ადამიანების მიმართ. მინდა, რომ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს გავუორმაგოთ პენსია. სამწუხაროდ, ისინი ძალიან ცოტანი დარჩნენ და ჩვენ ნამდვილად გვმართებს, რომ თითოეულ მათგანს განსაკუთრებული ყურადღება ვაჩვენოთ ჩვენი სახელმწიფოსი. ეს იქნება მათდამი მადლიერების მცირედი გამოხატულება“, - განაცხადა პრემიერმა.