მთავრობამ არალეგალური მიგრაციის პრევენციის მიზნით დამატებით რეგულაციები მოამზადა. ცვლილებები საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე მინისტრებს გააცნო.
“ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია უცხოელებზე ბინადრობის უფლებასთან დაკავშირებით კანონში ცვლილებების პაკეტი. რამდენიმე დღის წინ მქონდა ამ საკითხის განხილვა იუსტიციის მინისტრთან ერთად, ეს საკითხი ცდება მხოლოდ მთავრობის პრეროგატივას და ეს არის მთლიანად სახელისუფლებო გუნდის განსახილველი საკითხი. სწორედ ამიტომ, განხილვას ესწრებოდნენ მინისტრები. იუსტიციის სამინისტრო მთავრობის დღევანდელ სხდომაზე წარმოადგენს ცვლილებათა პაკეტს, რომლის მიზანი არალეგალური მიგრაციის პრევენციის დამატებითი მექანიზმების შემოღებაა. აღნიშნული ცვლილებები უცხოელებზე დროებითი ბინადრობის მოწმობის გაცემის პროცედურაში სიახლეებს ითვალისწინებს და მათი შემუშავების მიზეზი უცხო ქვეყნის ზოგიერთი მოქალაქის მხრიდან, რაც ცოტა არ არის, არსებული რეგულაციების არაკეთილსინდისიერად გამოყენება გახლავთ. პრაქტიკაში არის შემთხვევები, როცა საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხოელი ფორმალურად ითხოვს თავშესაფარს და პარალელურად ითხოვს ბინადრობის ნებართვის მიღებას, ან ქვეყნიდან გასვლის ვალდებულების გადავადებას სასამართლოში მისი მონაწილეობით, მიმდინარე საქმის წარმოების მოტივით, ამის შემდეგ კი სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართავს ბინადრობის გაცემის მოთხოვნით, ასევე იღებს მოკლევადიან, „ცე“ კატეგორიის ვიზებს და შემდეგ ითხოვს ბინადრობის ნებართვას. ინოვაციურ მიდგომასთან გვაქვს საქმე მათი მხრიდან. აღნიშნული ცვლილების შემდეგ კი მოხდება კანონის არაკეთილსინდისიერად გამოყენების პრევენცია და აღმოფხვრა“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.
მისივე თქმით, საკანონმდებლო ცვლილების თანახმად, იცვლება რეგულაცია - საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის მოსაპოვებლად უცხოელი ბოლო 10 წლის განმავლობაში უნდა ცხოვრობდეს, დღეს ეს ვადა 6 წელს შეადგენს.
“12 წლამდე იზრდება დროებითი ნებართვის მიღების ვადა. დღეს მისი მაქსიმალური ხანგრძლივობა არის 6 წელი. ამასთან, თუ უცხო ქვეყნის მოქალაქეს არ აქვს ქვეყანაში მუდმივად დარჩენის მოტივი, 6 წლის გასვლის შემდეგ ის კვლავ მიიღებს დროებითს და არა მუდმივ ნებართვას“, - განაცხადა პრემიერმა და იუსტიციის მინისტრს ცვლილებების სწრაფ ტემპში მომზადებისთვის მადლობა გადაუხადა.
პრემიერის ინფორმაციით, ეკონომიკის სამინისტრო იხილავს 35 ათას ლარიანი ზღვრის აწევის საკითხს, რომელიც დროებითი ნებართვის გაცემას ეხება.
„ჩვენ ვიმსჯელებთ ასევე საინვესტიციო ზღვრის გადასინჯვაზე. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საქართველო არის ღია ტურიზმისა და ინვესტიციებისთვის. რა თქმა უნდა ლიბერალური სამიგრაციო კანონმდებლობა ამას ხელს უწყობს. ჩვენ ასევე დავრჩებით ღია ქვეყნად ამ თვალსაზრისით, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ასეთი ინოვაციური და მახინჯი მექანიზმების გამოყენებით ადამიანებმა შეძლონ და პრაქტიკულად, კანონს გვერდი აუარონ. მე ვფიქრობ, რომ ეს არის აუცილებელი ბევრი თვალსაზრისით იმისათვის, რომ საქართველოში შემოვიდეს კვალიფიციური ინვესტორი, უსაფრთხოება იყოს დაცული და ა.შ. ვფიქრობ მნიშვნელოვანი ცვლილებებია“, - აღნიშნა პრემიერმა.