„პრემიერ-მინისტრთან და ეკონომიკის მინისტრთან ერთად დავსახეთ სამიზნე, რომ 5 წლის ვადაში სავაჭრო ბრუნვა საქართველოსა და ისრაელს შორის გაიზარდოს1 მილიარდ დოლარამდე. ეს არის ჩვენი მიზანი!“- ეს განცხადება ისრაელის სახელმწიფოს ეკონომიკისა და ინდუსტრიის მინიტრმა ელი კოენმა დღეს თვითმფრინავების კომპოზიტური ნაწილების ქარხნის (ATC) გახსნაზე განაცხადა.
“ძალიან სასიხარულოა, რომ გასული წლის აპრილში საქართველომ მიმართეთ იუნესკოს, რათა აღიარებული ყოფილიყო ჩვენი 2600-წლიანი ახლო მეგობრული ურთიერთობები. ჩვენ არ აღვიქვამთ ჩვენს ურთიერთობას, როგორც თავისთავად არსებულ მოცემულობას. ებრაელები ცხოვრობენ მთელ მსოფლიოში, მაგრამ სხვაგან მათ არ მიუღიათ ასეთი მასპინძლობა. ასე რომ, ისრაელში მცხოვრები ქართველი ებრაელები საქართველოს უყურებენ, როგორც თავიანთ მეორე სამშობლოს. ჩვენ არასდროს დაგვავიწყდება ის, თუ როგორ ეპყრობიან ებრაელებს საქართველოში.
2018 წელი ისტორიული მნიშვნელობისაა. ჩვენ ვხედავთ ქარხანას, რომლის ინვესტიციის მოცულობა დაახლოებით 100 მილიონი დოლარია. როგორც ელჩ ცურისგან გავიგე, ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ისრაელის ეკონომიკისა და ინდუსტრიის მინისტრი სტუმრობს საქართველოს. გარდა ამისა, ეს არის პირველი შემთხვევა, როცა მე და მინისტრი ქუმსიშვილი მეორედ ვხვდებით ერთმანეთს 1 წლის განმავლობაში.
გასული წლის განმავლობაში სავაჭრო ბრუნვა ჩვენს ქვეყნებს შორის გაიზარდა 40%-ით, რაც კარგია, მაგრამ ჩვენ პრემიერ-მინისტრთან და ეკონომიკის მინისტრთან ერთად დავსახეთ სამიზნე, რომ 5 წლის ვადაში სავაჭრო ბრუნვა საქართველოსა და ისრაელს შორის გაიზარდოს 1 მილიარდ დოლარამდე. ეს არის ჩვენი მიზანი! ჩვენს დიად ერებს - საქართველოსა და ისრაელს აქვთ საერთო ღირებულებები: დემოკრატია, თავისუფლება და ჩვენი ახალგაზრდა თაობა.
გუშინ თბილისში მე გავესაუბრე მოქალაქეებს, რომლებმაც მითხრეს: „მინისტრო კოენ, ჩვენ ძალიან გვახარებს მეგობრობა ისრაელსა და საქართველოს შორის“, რამაც გული ამიჩუყა. იგივე სულისკვეთებაა ისრაელშიც. ჩვენი მეგობრობა უბრალოდ მეგობრობად არ დარჩება - ჩვენ პრაქტიკულ მხარეზეც გადავალთ. ეს არის პირველი ინვესტიცია, მაგრამ არა უკანასკნელი. იქნებიან სხვა კომპანიებიც. ვსარგებლობ ამ შემთხვევით, რათა მადლობა მოვახსენო ებრაული კომპანიის Elbit მენეჯმენტს, ასევე ქართული საპარტნიორო ფონდის მენეჯმენტს, წარმატებულად შესრულებული სამუშაოსთვის. ინფორმაციისთვის, Elbit არის არა მხოლოდ ისრაელის, არამედ მსოფლიოს წამყვანი კომპანია.
თქვენ გაქვთ ულამაზესი ქვეყანა. მე ძალიან კარგად მესმის, რატომ უყვართ ასე ებრაელებს ეს ქვეყანა. ამჟამად ჩვენ გვაქვს თვეში დაახლოებით 200 ავიარეისი ისრაელიდან საქართველოში. სულ უფრო მეტი ებრაელი ჩამოდის და ტკბება ამ საუცხოო ქვეყნით. ჩემთან ერთად აქ იმყოფება ისრაელის ბიზნეს დელეგაცია და ბაუხ ადიმი (ისრაელის ექსპორტის ინსტიტუტის თავმჯდომარე) - ასევე პარტნიორის სტატუსით. მე ვუთხარი ებრაელი ბიზნესმენების დელეგაციას, რომ ეწვიონ საქართველოს და განაგრძონ ინვესტირება.
თქვენი სოფლის მეურნეობა საუკეთესოა. თქვენ გაქვთ საუკეთესო ღვინო. ჩვენ არ ვართ კონკურენტები. ჩვენ ვართ მეგობრები. ჩვენ ერთმანეთს ვავსებთ და ეს ეხება არა მხოლოდ სოფლის მეურნეობას - ჩვენი ურყევი გადაწყვეტილებაა მაღალი ტექნოლოგიების განვითარება. ისრაელი, მსოფლიოს ინოვაციების რეიტინგებში, 1-3 ადგილებზე იმყოფება. თქვენ გყავთ ფანტასტიკური ახალგაზრდა თაობა. ჩვენ ამ ასპექტზეც ვითანამშრომლებთ.
გამოსვლის დასაწყისში მე მადლობა მოვახსენე მის აღმატებულებას, პრემიერ-მინისტრს. მადლობა მას და ქართველ ხალხს 2600-წლიანი მეგობრობისთვის, მაგრამ გარწმუნებთ, რომ ჩვენი მეგობრობა არა მხოლოდ კიდევ 2600 წლის განმავლობაში, არამედ სამუდამოდ გაგრძელდება.“ განაცხადა ისრაელის სახელმწიფოს ეკონომიკისა და ინდუსტრიის მინისტრმა ელი კოენმა.