"დიმიტრი ქუმსიშვილის ახალი ინიციატივა დროულია და საბანკო სექტორი მზად არის, ამ პროექტში აქტიური ჩართულობისათვის"

დიმიტრი ქუმსიშვილის ახალი ინიციატივა დროულია და საბანკო სექტორი მზად არის, ამ პროექტში აქტიური ჩართულობისთვის , - ასე აფასებს „საქართველოს ბანკების ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი ცუცქირიძე, პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის ინიციატივას.

გიორგი ცუცქირიძის განცხადებით, საქართველოში როგორც მცირე, ისე საშუალო ბიზნესის დაკრედიტების მთავარი პრობლემა, მათი არასაკმარისი კაპიტალის და მცირე აქტივების პირობებში, არის სწორედ საგარანატიო მექნიზმების არქონა. მისივე თქმით, ეკონომიკის მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის ეს ახალი ინიციატივა ნამდვილად დროული და მისასალმებელია და, შესაბამისად, საბანკო სექტორი მზად არის ამ პროექტში აქტიური ჩართულობისთვის.

„მე სხვა დროსაც არაერთხელ აღმინიშნავს, რომ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება როგორც აზიის, ისე ამერიკისა თუ ევროპის ქვეყნების უმრავლესობაში, დიდწილად სახელმწიფო პროგრამების და სპეციალიზებული ფონდების მეშვეობით განხორციელდა. მხოლოდ კომერციული კრედიტით მცირე ბიზნესი არსად განვითარებულა, მით უმეტეს ჩვენნაირი პატარა ეკონომიკის პირობებში, შედარებით გრძელვადიან რესურსებზე ხელმისაწვდომობა გაძნელებულია, ვადიანი დეპოზიტების სიძვირის და მოკლევადიანობის გამოც, რაც თავის მხრივ ვადიანობის გეპის ანუ ვადების აცდენის მაღალ რისკს უკავშირდება. რაც შეეხებათ მისოებს, რომლებიც არასადეპოზიტო ინსტიტუტები არიან, მათი უმრავლესობა რისკებს აზღვევს მაღალი საპროცენტო განაკვეთების დაწესებით და, უზრუნველყოფილი ქონების დასაკუთრების გზით. ამასთან, უზრუნველყოფის მოთხოვნების პროპორცია ძალიან მაღალია სესხის მოცულობასთან შედარებით, დაახლოებით ორჯერ, რაც მათ მოგებას კი უზრუნველყოფს, მაგრამ მეორეს მხრივ მისოების არსებული მოდელი ვერ უზრუნველყოფს მცირე ბიზნესის გაფართოებას.

ამ შეხვედრაზეც თურქეთის საკრედიტო საგარანტიო ფონდის მიერ მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტების ის საგარანტიო მექანიზმები იყო განხილული, რომლებიც თურქეთში წარმატებით ფუნქციონირებს და მნიშვნელოვნად უწყობს ხელს მცირე და საშუალო ბიზნესის საკრედიტო რესურსებზე ხელმისაწვდომობის და ეკონომიკის რეალური სექტორის ზრდას.

საქართველოში როგორც მცირე, ასევე საშუალო ბიზნესის დაკრედიტების მთავარი პრობლემა, მათი არასაკმარისი კაპიტალის და მცირე აქტივების პირობებში, არის სწორედ საგარანატიო მექნიზმების არქონა. რეალურად ამ ამოცანის გადაწყვეტა უძრავი ქონების დაგირავების გზით ხორციელდება, რაც საბოლოო ჯამში არის მაღალი სოციალური და ეკონომიკური რისკის მატარებელი, რადგან მსეხებლის დეფოლტისას ამ ქონების დაკარგვა ხდება. ეს პირველ რიგში სესხების სიძვირიდან გამომდინარე, ეხებათ არასადეპოზიტო ინსტიტუტებს მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს და ლომბარდებს, ასევე ნაწილობრივ კომერციულ ბანკებსაც, რომლებიც სადეპოზიტო ინსტიტუტები არიან. ნებისმიერ კომპანიას, გარდა საბრუნავი კაპიტალის დაფინანსებისა, საბოლოო ჯამში სჭირდება გაფართოება, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ბანკებს აქვთ სპეციალური პროგრამები მცირე ბიზნეს დაკრედიტების ხელშესაწყობად, იზიდავენ რესურსებს საერთაშორისო საკრედიტო ინსტიტუტებიდანაც, ეს პრობლემას მაინც ვერ აგვარებს, რაც სწორედ საგარანტიო მექანიზმების ასიმეტრიას უკავშირდება.

დღეს პრობლემა ორმხრივად დგას. ერთის მხრივ, თუ მცირე ბიზნესი არ განვითარდა, იგი ვერ გადავა საშუალო ბიზნესსეგმენტში, რაც მაკროდონეზე დასაქმების და ეკონომიკური ზრდის შემაფერხებელი ფაქტორი გახდება. მეორეს მხრივ, საბანკო სექტორს სჭირდება უფრო მეტად დივერსიფიცირებული საკრედიტო პორთფელი, რისკების მინიმაციისათვის, რაც ისევე საპროცენტო განაკვეთებზე აისახება პოზიტიურად. აქედან გამომდინარე, ეკონომიკის მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის ეს ახალი ინიციატივა ნამდვილად დროული და მისასალმებელია, და შესაბამისად, საბანკო სექტორი მზად არის ამ პროექტში აქტიური ჩართულობისათვის“, - განაცხადა გიორგი ცუცქირიძემ.