კომუნალური გადასახადების სიდიდით საქართველო რეგიონში ერთ-ერთი ლიდერია.
განსაკუთრებით თვალში საცემია დენის ტარიფი. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, ამ მხრივ გვისწრებენ მხოლოდ ის ქვეყნები, რომლებსაც ჰიდრორესურსები არ გააჩნიათ. დენის მორიგი გაძვირების შემთხვევაში კი ქვეყანა უპირობოდ ლიდერ პოზიციაზე აღმოჩნდება.
სემეკის ანგარიშის მიხედვით, აზერბაიჯანში 1 კვტ/სთ 13,4 თეთრი ღირს, რუსეთში 13,8 თეთრია, უკრაინაში - 12,2 თეთრი. დენის გადასახადი სომხეთში 24,3 თეთრია, მოლდოვაში – 30,3 თეთრი, ხოლო ყველაზე ძვირი ელექტროენერგია თურქეთშია – 32,5 თეთრის ფარგლებში. საქართველოში კი გადასახადი, საშუალოდ, 19,2 თეთრის ფარგლებშია.
რაც შეეხება გაზს, ჩვენთან 1 კბ/მ 46-დან 57 თეთრამდე ღირს, აზერბაიჯანში - 22,5 თეთრი, რუსეთში - 27,3 თეთრი. საკმაოდ ძვირია ბუნებრივი აირი უკრაინაში – 79 თეთრი, სომხეთში – 85 თეთრი, ხოლო ყველაზე მაღალი ტარიფი მოლდოვაშია, სადაც გაზის გადასახადი 1,05 თეთრს შეადგენს. თურქეთში ეს მაჩვენებელი 88,6 თეთრია. როგორც ვხედავთ, ჩვენზე დაბალი გადასახადი რუსეთსა და აზერბაიჯანშია, დანარჩენ ქვეყნებში ყველგან მაღალი ტარიფებია.
რეგიონში დენის ტარიფის მხრივ თითქმის ყველა ქვეყანას ვუსწრებთ, სომხეთისა და თურქეთის გარდა, მაგრამ ეს ის ქვეყნებია, რომლებსაც ჰიდრორესურსები არ გააჩნიათ. თურქეთში გადასახადის სიდიდე პრობლემა არაა, რადგან იქ მოსახლეობის შემოსავალი გაცილებით მაღალია, საქართველოში კი 1-თეთრიანი სხვაობაც კი მოსხალეობის სოციალურ მდგომარეობაზე მძიმედ აისახება.
ენერგეტიკოსი გია არაბიძე ამბობს, რომ დენის გადასახადი ქვეყნისთვის პრობლემად დარჩება დიდხანს, სანამ ალტერნატიულ რესურსებზე არ გადავალთ.
"ელექტროენერგიის გადასახადთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია 2 კომპონენტი: მომხმარებელმა რამდენი შეიძლება გადაიხადოს და რა უნდა გამანაწილებელ კომპანიას. იმ კუთხით თუ ვიმსჯელებთ, ენერგეტიკის დარგის განვითარებისთვის არსებული ტარიფი საკმარისია თუ არა, რეალურად, ეს არის მინიმუმ, რითაც შეიძლება დარგმა იარსებოს. სერიოზულ განვითარებასა და პერსპექტივას საქართველოში არსებული გადასახადების დონით ვერ მიაღწევ. ცხადია, ამ შემთხვევაში ელექტროენერგიის გადასახადს ვგულისხმობ.
ფაქტობრივად, ჩამოკიდებული ვართ ენგურჰესის 2-თეთრიან დენზე, რომელიც შაგრენის ტყავივით უფრო და უფრო მცირდება. ადრე თუ ამ ჰესს 2 მლრდ კვტ/სთ მოჰქონდა და იმპორტულ დენში ვურევდით, ახლა 2 მლრდ-მდე ჩამოვიდა. მეორეც, ახალი ჰიდრო და თბოელექტროსადგურების ექსპლუატაციაში შესვლა ტარიფების შემცირებას ვერ გამოიწვევს, პირიქით, მოსალოდნელია ზრდა, რადგან კომპანიებმა ინვესტიციები უნდა ამოიღონ.
რაც შეეხება მოსახლეობის კომპონენტს, მათთვის არსებული გადასახადი იმდენად მძიმეა, რომ მისი მცირედი გაძვირებაც კი არსებობის საშუალებას არ მისცემს ხალხს, რადგან შემოსავალი არ მატულობს. ამ 2 დილემის წინაშე ვართ. მართალია, ჩვენთან დენი თურქეთზე მეტად არ გაძვირდება, მაგრამ ეს არ არის შეღავათი.
რუსეთის ტარიფი ჩვენთან შედარებით დაბალია, მაგრამ ენერგორესურსების შესაბამისი არაა. უკრაინის სიტუაცია სხვაგვარადაა. მას აქვს ნახშირი და ენერგორესურსების პრობლემას არ განიცდის ისე მძიმედ, როგორც საქართველო.
ერთი სიტყვით, დენის მაღალი გადასახადი ქვეყნისთვის პრობლემა დარჩებად დიდხანს, სანამ ალტერნატიულ რესურსებზე არ გადავალთ", - აღნიშნა გია არაბიძემ "რეზონანსთან" საუბრისას.
მისი ვარაუდით, გაძვირების შემთხვევაში დენის გადასახადის სიდიდით საქართველო, სავარაუდოდ, მეორე ან მესამე დაგილზე აღმოჩნდება რეგიონში.
"ახალი სადგურის ექსპლუატაციაში შესვლა ტარიფს ზრდის და არ ამცირებს. სამომავლოდ ბაზრის ლიბერალიზაცია რაღაცნაირად დაარეგულირებს ვითარებას, ენერგომწარმოებელი კომპანიებიც ცოტა უფრო "შემოიჭერენ ქამარს". სავარაუდოდ, დავიწყებთ სეზონური და დღეღამური ტარიფების შემოღებას და შესაბამისი მრიცხველებით აღჭურვას, რასაც მოჰყვება კიდევ უფრო ენერგოეფექტურად და მომჭირნედ ელექტროენერგიის ხარჯვა. განახლებადი ენერგიის წყაროების განხილვაც მიმდინარეობს.
როდესაც შემოვა კანონმდებლობა ენერგოეფექტურობასთან დაკავშირებით, ეს პრობლემას გარკვეულწილად მოხსნის. აქედან გამომდინარე, გაცილებით ნაკლები ელექტროენერგიის ყიდვა დაგვჭირდება. 2 მლრდ კვტ/სთ-ს ვყიდულობთ, რაც უნებურად ტარიფზეც მოქმედებს", - აცხადებს ენერგეტიკოსი.
სპეციალისტების ნაწილი ბაზრის მონოპოლიაზე საუბრობს. ეკონომისტ სოსო სიმონიშვილს მიაჩნია, რომ სავსებით შესაძლებელია, ბაზარზე მეტი მოთამაშე იყოს როგორც წყლის, ასევე ელექტროენერგიისა და გაზგამანაწილებელი კომპანიების სახით.
"ელექტროენერგიისა და გაზის გადასახადს ითვლიან დანახარჯებისა და მასთან დაკავშირებული სხვადასხვა კომპონენტის მიხედვით. სინამდვილეში ასე არ არის, ფასწარმოქმნის საბაზრო მექანიზმი მნიშვნელოვან როლს ასრულებს, როგორიცაა მოთხოვნა-მიწოდების ბალანსი. ეს იმ შემთხვევაში, როცა ქვეყანა საბაზრო ეკონომიკის პირობებში ცხოვრობს და ბაზარზე ჯანსაღი კონკურენციაა. საქართველო ჯერჯერობით ამისგან შორსაა.
დენზე, გაზზე და ასევე ძალიან ბევრ საქონელზე, სადაც არ უნდა გაიხედო, მონოპოლიური ფასებია. ყველა ხელისუფლება მონოპოლიას ქმნიდა თავისი ინტერესების შესაბამისად და ამიტომაც ფასს ახლა ეს მონოპოლისტი კომპანიები ადგენენ უმაღლეს ორგანოებთან შეთანხმებით. რამდენიც უნდა იანგარიშოს სემკმა და რა გადაწყვეტილებაც უნდა მიიღოს, ფაქტია, რომ ტარიფი არის მონოპოლიური.
სავსებით შესაძლებელია, რომ ბაზარზე მეტი კომპანია იყოს როგორც წყლის სეგმენტის, ასევე ელექტროენერგიისა და გაზის. ასოცირების ხელშეკრულებაში საქართველოს აქვს ვალდებულება, რომ მონოპოლისტი კომპანიები, როგორიცაა, მაგალითად, "ყაზტრანსგაზი", დაიშალოს და დემონოპოლიზაცია მოხდეს. ამის ვალდებულება აქვს ქვეყანას, მაგრამ ჯერჯერობით არ ასრულებს", - აცხადებს სიმონიშვილი.
მარი ჩიტაია
გაზეთი "რეზონანსი"