აშშ-მ ირანის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა. სასანქციო სიაში, რომელიც აშშ-ს ხაზინის დეპარტამენტმა გამოაქვეყნა, ექვსი ფიზიკური პირი და სამი კომპანიაა შეყვანილი, რომლებიც დაკავშირებულნი არიან „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან“.
აშშ-ს ხაზინის დეპარტამენტის განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციები შემოღებულია არაბთა გაერთიანებულ საემიროებთან ერთად „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ კონტროლის ქვეშ მყოფი სავალუტო გაცვლის მასშტაბური ქსელის პარალიზების მიზნით.
„ირანის რეჟიმი და ირანის ცენტრალური ბანკი ბოროტად იყენებდნენ არაბთა გაერთიანებულ საემიროებში ეკონომიკურ სუბიექტებზე წვდომას დოლარის შეძენის მიზნით, რაც გამოყენებული იყო შემდგომში „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ ქმედებების დასაფინანსებლად, მათ შორის რეგიონალური მხარდამჭერების შეიარაღებისა და დაფინანსების მიზნით“, - განაცხადა აშშ-ს ხაზინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა სტივენ მნუჩინმა.
ეს ირანისთვის სანქციების დაწესების პირველი შემთხვევაა მას შემდეგ, რაც 8 მაისს აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ტოვებს ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ შეთანხმებას.