საარსებო მინიმუმი ქართულად ანუ ნახევარი ჭიქა წყალი - სავსე ჭიქის ნაცვლად

საარსებო მინიმუმის ახლანდელ მაჩვენებელში პროპორციები, კალორიულობა, პროდუქტების ჩამონათვალი - ყველაფერი არასწორად არის გათვლილი.

საარსებო მინიმუმის გაზრდაზე საქართველოში უკვე წლებია მსჯელობენ და კამათობენ, მაგრამ ამ კამათს რეალური, ხელშესახები შედეგი ჯერ კიდევ არ მოჰყოლია. ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ამ უმნიშვნელოვანესმა მაჩვენებელმა მხოლოდ 8,2 ლარით მოიმატა. "საქსტატის" ინფორმაციით, აპრილში შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი 155,6 ლარი იყო, რაც მარტის მაჩვენებელზე მხოლოდ 20 თეთრით მეტია, ხოლო აპრილში საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი 137,8 ლარით განისაზღვრა, საშუალო ოჯახისა კი - 261 ლარით. ”ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრმა” სულ სხვა მონაცემები გამოაქვეყნა, რომელიც ახალი მეთოდოლოგიით არის დადგენილი. ამ ორგანიზაციის გაანგარიშებით, შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი აპრილში 309 ლარი და 17 თეთრი იყო.

ამ საკითხებზე bpn-ს ”ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრის” პრეზიდენტი, რამაზ გერლიანი ესაუბრა.

- ბატონო რამაზ, რის საფუძველზე დაადგინეთ საარსებო მინიმუმი, რომელიც ორჯერ მეტია ოფიციალურ მაჩვენებელზე?

- რასაკვირველია, ეს ციფრი მკაცრად დაწურულ მონაცემებზე დაყრდნობით იქნა მიღებული. ვიდრე ამ მონაცემებზე მოგახსენებთ, გეტყვით, რომ კვლევა მარტიდან დავიწყეთ და სამი თვის განმავლობაში არ შეგვიწყვეტია. სპეციალურად შექმნილი ჯგუფი სამი თვის განმავლობაში დაახლოებით 70 დასახელების საკვები პროდუქტის ფასზე აწარმოებდა დაკვირვებას, მაშინ, როცა სტატისტიკის სამსახური 40 დასახელების პროდუქტს იკვლევს. კვლევა მთელი საქართველოს მასშტაბით - თბილისში, თელავში, მარნეულში, გორში, ახალციხეში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმში ჩატარდა. ჩვენ ეს ციფრი საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით გამოვიანგარიშეთ. ჩატარებული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ უნდა გაიზარდოს სასურსათო კალათის კილოკალორიულობა და ეს ციფრი ახლანდელი 2300-ის ნაცვლად, 2500 კკალ უნდა გახდეს.  რადგან შრომისუნარიან მამაკაცს საარსებოდ სულ მცირე, 2500 კილოკალორია სჭირდება, ეს საკმარისი არგუმენტია, რომ მინიმალური სასურსათო კალათის შემადგენლობაც შეიცვალოს. ასევე უნდა შეიცვალოს საარსებო მინიმუმში სასურსათო და არასასურსათო პროდუქტების წილი და ოფიციალურად დადგენილი შეფარდება - 70%/30%. ჩვენ მინიმალურ სასურსათო კალათაში პროდუქტების რაოდენობა გავზარდეთ, რაც შეეხება პროპორციას სასურსათო და არასასურსათო კალათებს შორის: სასურსათო კალათის შემთხვევაში - 55% მივიღეთ, ხოლო არასასურსათო კალათის შემთხვევაში - 45% .

- თქვენს მეთოდოლოგიაში განსხვავებულია ისიც, რომ ორი სახის კალათა შემოიტანეთ: ზამთრის და ზაფხულის.

- პროდუქციის სეზონური ფასებიდან გამომდინარე, ჩვენ მართლაც შემოვიტანეთ ორი სახის კალათა: ზამთრის და ზაფხულის. ვფიქრობთ, რომ ზაფხულის კალათში ნახშირწყლების რაოდენობა ნაკლები უნდა იყოს იმიტომ, რომ ამ დროს ნაკლებია მოთხოვნილება ხორცსა და მაღალენერგეტიკულ, ცხიმიან საკვებზე. ზამთარში მაგალითად, შეიძლება საერთოდ ვერ ნახოთ ბაზარზე ნესვი და საზამთრო, რომელსაც ზაფხულში ძალიან ხშირად ვყიდულობთ - საარსებო მინიმუმის დასადგენად მსგავსი ფაქტორების გათვალისწინება აუცილებელია. არასწორად მიგვაჩნია ისიც, რომ ”საქსტატის” მიერ მონაცემები დგინდება მხოლოდ 5 ქალაქის - თბილისის, ქუთაისის, ბათუმის, გორისა და თელავის ფასების მიხედვით. ჩვენმა ცენტრმა კი საქართველოს 8 რეგიონის მონაცემები შეისწავლა. ცხადია, ოფიციალურად გამოცხადებული საარსებო მინიმუმი - 155 ლარი, ოდნავადაც ვერ ასახავს არსებულ სიტუაციას. ის არასწორი გათვლების შედეგად არის მიღებული. ამ მეთოდოლოგიის მთავარი ხარვეზებია: არასწორი პროპორციები და დაბალი კილოკალორაჟი. სხვადასხვა მონაცემებიდან გამომდინარე, ჩვენ დავასკვენით, რომ აპრილის მონაცემებით, შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი საქართველოში 309 ლარი გახლდათ. ამავდროულად შევიმუშავეთ ექსკლუზიური მეთოდი, რომელიც ითვალისწინებს პროდუქტის დანაკარგებსაც. განსაკუთრებით ეს ეხება სოფლის მეურნეობის პროდუქციას: მოგეხსენებათ, კვერცხის ნაჭუჭს, ვაშლის ნარჩენს, ან კარტოფილის კანს არავინ მიირთმევს. ამ დანაკარგების გამოქვითვით უფრო დიდი ციფრი, კერძოდ, 317 ლარი მივიღეთ. ეს ციფრი მიღებულია გამკაცრებული მეთოდოლოგიით, რომელიც დანაკარგების გამოქვითვას გულისხმობს.

- თქვენ ამბობთ, რომ საარსებო მინიმუმს საქართველოში მოძველებული მეთოდოლოგიით ითვლიან, რის საფუძველზე მიიღეთ ასეთი დასკვნა?

-თუნდაც იმის საფუძველზე, რომ პროდუქტებისა და კალორაჟის ოდენობა არ შეესაბამება მეთოდოლოგიას, რომლის მიხედვითაც შეიძლება რეალური საარსებო მინიმუმის დადგენა. საარსებო მინიმუმის ახლანდელ მაჩვენებელში პროპორციები, კალორაჟი, პროდუქტების ჩამონათვალი - ყველაფერი არასწორად არის გათვლილი. ზემოთ უკვე ვთქვი, რომ ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს საარსებო მინიმუმში სურსათისა და დანარჩენი საქონლის თანაფარდობა - 70-30. უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს მსჯელობა, რომ სამომხმარებლო კალათაში მკვეთრად უნდა შემცირდეს სასურსათო კომპონენტის წილი, სამაგიეროდ, არასასურსათო კომპონენტის წილი უნდა გაიზარდოს. ახალი მეთოდოლოგია, რომელსაც ჩვენი ორგანიზაცია გთავაზობთ, დაახლოებით 3-4 წლის განმავლობაში იქნება ოპტიმალური.

- ახლანდელი ხელისუფლების წარმომადგენლები ოპოზიციაში ყოფნისას გვპირდებოდნენ, რომ საარსებო მინიმუმს გაზრდიდნენ, მაგრამ ასე არ მოხდა: ბოლო ერთი წლის განმავლობაში ამ მაჩვენებელმა მხოლოდ 8 ლარით მოიმატა. როგორ შეიძლება შეფასდეს ეს ფაქტი?

- თუ ინფლაციის ფაქტორს გავითვალისწინებთ, მაშინ ეს 8 ლარი სულაც არ ნიშნავს მომატებას. ჩვენც არაერთხელ გვსმენია, რომ რეალური საარსებო მინიმუმი დადგინდებოდა, შეიქმნებოდა კომისია, რომელიც ამ საკითხზე იმუშავებდა, მაგრამ ასე არ მოხდა. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, თვითონ მოგვეკიდა ხელი ამ საქმისათვის. საერთოდ, თუ საარსებო მინიმუმის გამოთვლის მეთოდოლოგია სწორია, მაშინ ეს მაჩვენებელიც რეალურია და თუ არა - მაშინ არასწორი. თუ ადამიანს დღის განმავლობაში ერთი ჭიქა წყალი სჭირდება, რა მკაცრი კანონებიც არ უნდა მივიღოთ, ნახევარი ჭიქა მაინც არ ეყოფა. რა თქმა უნდა, აბსოლუტურად ზუსტი საარსებო მინიმუმი ვერ დადგინდება იმიტომ, რომ ყველა ადამიანს თავისი მოთხოვნილებები აქვს, მაგრამ ვფიქრობთ, რომ ჩვენი გათვლები ყველაზე რეალისტურია. ამიტომ, მზად ვართ დღევანდელ ხელისუფლებასთანაც დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან და დეტალურად, არგუმენტებზე დაყრდნობით ავუხსნათ ის ხარვეზები, რომელიც ახლანდელ მეთოდოლოგიაშია.

ხათუნა ჩიგოგიძე